“მაქვს ინფორმაცია, განსაკუთრებით რეგიონებიდან, რომ მოსახლეობის ნაწილმა არ იკმარა, რომ შეზღუდვები პრაქტიკულად მოიხსნა და უარს ამბობენ პირბადის ტარებაზე, ეს არ უნდა დავუშვათ,” – აღნიშნული განცხადება ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ “საქართველოს პირველ არხის” ეთერში გააკეთა.
ცერცვაძემ ამავე ტელეკომპანისთან საუბრისას დასძინა, რომ საქართველოს ეპიდვითარება დღითიდღე უმჯობესდება და არის სტაბილური.
„ხდება შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა. ამჟამად საქართველოში შეზღუდვების სიმკაცრე და მოცულობა ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპის ქვეყნებში. ევროპის ყველა ქვეყანაში გაცილებით უფრო მეტი და მკაცრი შეზღუდვებია. მე ვემხრობი ეტაპობრივ მოხსნას. როდესაც ცალკეული პირები მოითხოვდნენ ერთბაშად ყველაფრის მოხსნას, ამის წინააღმდეგი ვიყავი. თუ ასეთი კარგი ვითარება იქნა, როგორც დღეს არის, შეიძლება დაჩქარდეს მოხსნა, თუ მოიმატა შემთხვევების რაოდენობამ, შეიძლება შენელდეს და ა.შ. ამ ყველაფერს შევირგებთ ჩვენ და მოსახლეობა მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა მკაცრად შეასრულებს არსებულ რეგულაციებს, საუბარია პირბადეების სავალდებულო ტარებაზე და სოციალურ დისტანცირებაზე. სამწუხაროდ, მაქვს ინფორმაცია განსაკუთრებით რეგიონებიდან, რომ მოსახლეობის ნაწილმა არ იკმარა ის, რომ შეზღუდვები პრაქტიკულად მოიხსნა და უარს ამბობენ პირბადის ტარებაზე.
ეს არ უნდა დავუშვათ, არ უნდა გავიმეოროთ ის შეცდომა, რომელიც ჩვენ ყველამ, როგორც ხელისუფლებამ, ისე თითოეულმა მოქალაქემ დავუშვათ გაზაფხულ-ზაფხულში, შემოდგომის დასაწყისში, როდესაც ვირწმუნეთ, რომ კოვიდპანდემია დამარცხებული იყო. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ თუ გვინდა გვქონდეს გახსნილი ეკონომიკა და ნორმალური ცხოვრება, აუცილებლად უნდა ვატაროთ პირბადე. თუ პირბადეებს არ ვატარებთ, მაშინ შემთხვევების ხელახალი ზრდა დიდი ალბათობით გარდაუვალია და მთავრობას მოუწევს ხელახლა დააწესოს შეზღუდვები“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.