“ევროპული საქართველოს” ლიდერი, გიგა ბოკერია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის თაკო ჩარკვიანის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.
როგორც ბოკერიამ “ნაცმოძრაობის” ოფისში ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას დასძინა, თაკო ჩარკვიანის „ფეისბუქ“ პოსტის სერიოზულად აღქმას არ აპირებს.
„პოსტს არ გავცნობილვარ, მაგრამ ამბავი ვიცი. თაკო ჩარკვიანისთვის არაფერზე, არცერთ ბრალდებაზე სერიოზული პასუხი არასოდეს გამიცია. ეს არ არის პირველი და უკანასკნელი და არც ახლა სერიოზულად აღქმას არ ვაპირებ“, -აცხადებს ბოკერია.
შეგახსენებთ, რომ დღეს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა სოციალურ ქსელში გიგა ბოკერიას და ნინო ბურჯანაძის შესახებ ვრეცლი მიმართვა გაავრცელა. აღნიშნულ მიმართვაში ჩარკვიანი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ბრალი ის არის, რომ ერთ მხარეს ბურჯანაძე ეჯდა და მეორე მხარეს – ბოკერია. მისივე თქმით, სააკაშვილის წინააღმდეგ პირველი ჩვენება ბურჯანაძემ მისცა, რომელიც ჩარკვიანის თქმით, „პოლიტიკური გვამია და აქციებით “გაცოცხლებას” ლამობს”.