საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ მისი პროფესიული საქმიანობის გამო თავდასხმის ფაქტზე სამ დაკავებულ პირს ბრალდება ოფიციალურად წარედგინა.
საგამოძიებო უწყების ცნობით, ჟურნალისტს შეურაცხყოფას აყენებდნენ და უცენზურო სიტყვებით მიმართავდნენ, ხოლო ვ.გ. ვახტანგ სანაიას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 თებერვალს, თბილისში, წყნეთის ქუჩაზე, ვ.გ., გ.ს. და ს.ს. ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს ვახტანგ სანაიას, მისი პროფესიული საქმიანობის გამო თავს დაესხნენ. ბრალდებულებმა ვახტანგ სანაია ჯერ წააქციეს, შემდეგ კი მასზე ფიზიკურად იძალადეს, რა დროსაც ჟურნალისტს მისი პროფესიული საქმიანობის გამო შეურაცხყოფას აყენებდნენ და უცენზურო სიტყვებით მიმართავდნენ, ხოლო ვ.გ. ვახტანგ სანაიას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედებით, ვახტანგ სანაიამ თავის და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიიღო,”- ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა ს.ს-მ ძალადობა განახორციელა ვახტანგ სანაიას თანმხლებ ნ.მ-ს მიმართ.
სამართალდამცველებმა ვ.გ., გ.ს. და ს.ს. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, 25 თებერვალს “ფორმულას” ტელეწამყვანს ვახო სანაიას თავს დაესხნენ. პოლიციამ ჟურნალისტზე ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავა.