“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ნიკა მელიას პროკურატურამ ერთგვარი მეორე შანსი მისცა და თქვა, რომ თუკი ოპოზიციონერი ლიდერი გირაოს გადაიხდის სასჯელი გადაიხედება. თუმცა, ნიკა მელია პოზიციას არ ცვლის და აღნიშნავს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, სხვა რა კონკრეტული მექანიზმი არსებობს იმისათვის, რომ “ნაცმოძრაობის” თავმჯდომარე გარეთ ვიხილოთ? – ამ საკითხთან დაკავშირებით “მეტრონომი” იურისტს, ლევან ალაფიშვილს ესაუბრა.
მისი თქმით, ყველანაირი ბერკეტი ხელისუფლების ხელშია და ამ შემთხვევაში კონკრეტული საკითხის დაყენება და სასამართლოში მიღება “ქართულ ოცნებასთან” შეთანხმების გარეშე ვერ მოხდება. როგორც იურისტმა აღნიშნა, შესაძლოა დადგეს შეუამდგომლობის საკითხი, სასჯელის მოხსნის ან შემსუბუქების მიზნით.
“გუშინ რაც პროკურატურამ განაცხადა, სამართლებრივ ენაზე არის ტყუილი, რადგან დღეს ნიკა მელიას შეცვლილი აქვს აღკვეთის ღონისძიება. შესაბამისად, განცხადება, რომ გირაო გადაიხადოს და შემდეგ გავათავისუფლებთო, საკითხის ასე დაყენება სამართლებრივად, ტყუილია.
დღეს ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხი სრულად პროკურატურის ხელშია, ისევე როგორც აღკვეთის ღონისძიების საერთოდ გაუქმების საკითხი. ყველა შემთხვევაში საჭიროა მისი თანხმობა, რომ სასამართლომ იმსჯელოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე, ან გაუქმებაზე.
ასე რომ, ბერკეტები სრულად ხელისუფლების ხელშია. მისი ნების გარეშე აღკვეთის ღონისძიების საკითხი ვერ გადაწყდება ვერცერთი სცენარით. იქნება მაგალითად, შინა პატიმრობა, გირაო თუ სხვა მექანიზმი. აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება არის მხოლოდ ხელისუფლების ხელში, რომელსაც დასავლეთიდან მიანიშნეს, რომ პროკურატურაც და სასამართლოც არის მისი პოლიტიკური კონტროლის ქვეშ.
ეს წყდება სასამართლოში კონკრეტული დოკუმენტის წარდგენით. მაგალითად, შუამდგომლობით, როგორც მოიქცა ნიკა მელიას თუ სხვათა შემთხვევაში, როდესაც სასამართლოს მიმართა კონკრეტული შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით, სასჯელის შემსუბუქების თუ დამძიმების შაუმდგომლობით”, – განაცხადა ლევან ალაფიშვილმა “მეტრონომთან.
ცნობისათვის, აქციის მონაწილეების ნაწილი მთავრობის ადმინისტრაციისკენ მსვლელობას მართავს, რის პარალელურად, პარლამენტის შენობასთან კარვები გაიშლება.
შეგახსენებთ, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია დაიწყო. დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნა “ნაცმოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას გათავისუფლებაა. ოპოზიციის ლიდერებმა აქციაზე, რომელიც ნიკა მელიას მხარდასაჭერად დაიწყო, მხარდაჭერებს სიტყვით მიმართეს.
ავტორი: თამარ შუკვანი