ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

„თუ გამოძიება სწორად არ წარიმართა, სახელებს გავასაჯაროვებ“ (ვიდეო)

ელისაშვილის სკანდალურ ინფორმაციას პატიმართა შეწყალების კორუფციულ სქემაზე, პროკურატურა იძიებს

ალეკო ელისაშვილმა პროკურატურა დატოვა. ის  სამ საათზე მეტხანს იკითხებოდა საკუთარი განცხადების საფუძველზე, რომ პატიმრების შეწყალებას პოლიტიკოსების ნაწილი ქრთამის სანაცვლოდ აწერდნენ ხელს. როგორც პროკურატურიდან გამოსულმა ელისაშვილმა განაცხადა,  მისი ჩვენების საფუძველზე უახლოეს მომავალში ყველა დასახელებული პოლიტიკოსი დაიკითხება. მან პროკურატურას  ყველა ინფორმაცია მიაწოდა, გვარები დაასახელა. დაკითხვაზე სავარაუდოდ უნდა დაიბარონ ის ადამიანები, ვისზეც ინფორმაცია ელისაშვილმა მიაწოდა, მათ შორის – პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, პრეზიდენტი, მთავრობა. როგორც ელისაშვილი აცხადებს, თუ გამოძიება სწორად არ წარიმართება, სახელებს თავად გაასაჯაროვებს.

პოლიტიკოსებმაც გააკეთეს მიმდინარე ინფორმაციაზე შეფასება. მათი განცხადებით, ეს ინფორმაცია შემაშფოთებელია და ხელისუფლებას აუცილებლად უნდა ჩამოშორდნენ ის პირები, ვინც ეს გააკეთა. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებმაც ელისაშვილის მიერ გასაჯაროვებული ინფორმაცია ეჭვის ქვეშ დააყენეს.

ალეკო ელისაშვილმა დაასახელა ყოფილი პროკურორი, გიორგი ბადაშვილი, რომელსაც, თავის დროზე, ინფორმაცია მიაწოდა. თუმცა, ელისაშვილის თქმით, მან გამოძიება არ დაიწყო. ამჟამინდელი მთავარი პროკურორის მოადგილე საკრებულოს დეპუტატს სიცრუეში ადანაშაულებს. პროკურატურიდან გამოსულმა ელისაშვილმა პროკურორს და მის მოადგილეს  სამარცხვინო პერსონები უწოდა და აღნიშნა, რომ ძალიან მარტივია მისი და ძველი მთავარი პროკურორის შეხვედრის ფაქტების დადასტურება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა გადაცემა „არჩევანში“ ისაუბრა პოლიტიკოსების მიერ კორუფციულ გარიგებებზე პატიმართა შეწყალების საკითხთან დაკავშირებით და ასევე საპატრიარქოს გაუკონტროლებელ ფინანსებზე. (იხილეთ ვიდეო)

იტვირთბა....