ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა რუსულ ტელეკომპანია „დოჟდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით მას კონკრეტულ რიცხვზე არ უსაუბრია და ამის პირობა არ დაუდია.
სააკაშვილმა ამვე თემაზე საუბრისას დასძინა, რომ ის დადებულ პირობას ყოველთვის ასრულებს. მისივე განმარტებით, ის ყოველთვის მზად იყო დახმარებისთვის, თუმცა ამავდროულად არ სურდა ოპოზიციური ერთიანობის დარღვევა, რადგან საქართველოში ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას მისი პოპულარობა არ მოსწონდა.
„მართალია, რომ საქართველოში მე მაქვს აბსოლუტური მხარდაჭერა. გამოკითხვების მიხედვით, 60-დან 70%-მდე საქართველო მოქალაქეებს სურთ, რომ მე დავბრუნდე. ამასთანავე, ნიკა მელიას აქვს ძალიან ფართო და დიდი მხარდაჭერა. ჩვენ ის პარტიის თავმჯდომარედ ავირჩიეთ ელექტრონული ხმის მიცემის პრინციპით და პირველი პარტია გავხდით რეგიონში, ვინც პარტიული არჩევნები ელექტრონული ხმის მიცემის პრინციპით ჩაატარა, ამან ძალიან კარგად იმუშავა. მე არასდროს არ მიმიცია პირობა, რომ კონკრეტულ რიცხვში დავბრუნდებოდი, მაგრამ თუ საჭირო გახდება მსგავსი პირობის მიცემა, ამასაც გავაკეთებ. მე ყოველთვის ვასრულებ ჩემს პირობას. ყოველთვის მზად ვიყავი დახმარებისთვის, ამავდროულად, არ მინდოდა ხელი შემეშალა ოპოზიციური ერთიანობისთვის, რადგან რომელიღაც ოპოზიციურ პარტიას არ მოსწონდა, რომ მე ვიყავი ყველაზე პოპულარული, ჩვენ კი უმრავლესობა გვჭირდებოდა და არა პირველი ადგილი“, – განაცხადა სააკაშვილმა.