ჯო ბაიდენის პირველი საგარეო კრიზისი – ასე აფასებენ ამერიკელი ანალიტიკოსები საქართველოში მთავარი ოპოზიციური ძალის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას. ისინი ახლადარჩეულ პრეზიდენტს ახსენებენ, რომ მან ყველას წინაშე პირობა დადო, რომ ამერიკის ყველა მოკავშირეს შესაბამისი დაფასება ექნებოდა. დიპლომატიური ურთიერთობები კი უფრო გაღრმავდებოდა. საქართველო კი ამ მიმართულებით მეტად მნიშვნელოვანი პარტნიორია რეგიონში. ამის შესახებ ანალიტიკურ სტატიას გამოცემა Bloomberg ავრცელებს.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ნიკა მელია 2019 წლის ივნისის მოვლენების გამოა დაკავებული, როდესაც რუსი პარლამენტარი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე აღმოჩნდა. რაც ხალხში მასობრივი პროტესტის მიზეზი გახდა. დემონსტრაციის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია იყო.
სტატიის ავტორი, ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ პოლიტიკური განცხადება გააკეთა და ისე დატოვა თანამდებობა, ოპოზიციის ლიდერის დაკავების წინ.
ახლა ყველას მზერა მიმართულია ჯო ბაიდენისკენ, თუ როგორ შეძლებს ამ პირველი დიპლომატიური კრიზისის ტესტის ჩაბარებას საგარეო ასპარეზზე. შეძლებს კი ამერიკული დიპლომატია საქართველოს დატოვებას დემოკრატიულ რელსებზე?! გაღრმავდება თუ არა პარტნიორობა საქართველოსთან?!
ცნობისთვის, 23 თებერვალს, გამთენიისას, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვეს. ენმ-ის ლიდერის, ნიკა მელიას აყვანის სპეცოპერაციის დროს 21 პირი დააკავეს.
მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებას საერთაშორისო საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
დღეს კი მასშტაბური აქციაა დაგეგმილი პარლამენტთან, რომელიც 15:00 საათზე დაიწყება. 13:00 საათზე კი ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები ფილარმონიიდან საკანონმდებლო ორგანოს მიმართულებით საპროტესტო მსვლელობას სახელწოდებით: „მსვლელობა თავისუფლებისთვის“ მოაწყობენ. ოპოზიცია მხადამჭერებს რეიონებიდანაც ელოდება.