ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კერძო მანქანებიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში

მერიის ახალი ინიციატივა, რომლითაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფრო სწრაფად იმოძრავებს, ვიდრე კერძო ავტომობილი

თბილისის მერის მოადგილემ, ნინა ხატისკაცმა განაცხადა, რომ ქალაქში იქნება ადგილები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფრო სწრაფად იმოძრავებს, ვიდრე კერძო ავტომობილი. მისი განცხადებით, გზებზე მოძრაობა დარეგულირდება მაშინ, როდესაც  ქალაქში მეტი სივრცე დაეთმობა საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ფეხით მოსიარულეებს.

“ჩვენთან ძალიან ბევრი მანქანაა, მაგრამ თუ ჩვენ არ შევზღუდავთ სივრცეს მანქანისთვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება შეუფერხებლად ვერ მოხდება. ძალიან სერიოზული კომპანია მუშაობს ამ მიმართულებით, რომელიც (დაახლოებით წელიწადზე ცოტა მეტი დარჩა) შემოგვთავაზებს განვითარების გეგმას და დიახ, ქალაქში იქნება ადგილები, სადაც ივლის საზოგადოებრივი ტრანსპორტი; დიახ,  ქალაქში იქნება ადგილები, სადაც კერძო მანქანით გადაადგილებას უფრო დიდი ხანი დასჭირდება, ვიდრე საზოგადოებრივ ტრანსპორტს, და ეს იქნება სტიმული, რომ ადამიანები კერძო მანქანებიდან გადაჯდნენ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, მხოლოდ ამ გზით მოვაგვარებთ ამ პრობლემას. თუმცა, ამას ჩვენ მარტო ვერ მოვაგვარებთ, მაგრამ ქალაქის განვითარების გეგმა და ტრანსპორტის საყრდენი გეგმა, რომელიც ერთ–ერთი მთავარი კომპონენტი იქნება, სწორედ ამ პრინციპს დაეფუძნება, რომელმაც გრძელვადიან პერსპექტივაში პრობლემები უნდა მოგვიგვაროს,”- აღნიშნა ნინა ხატისკაცმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერმა ერთი წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა, სადაც 2014 წლის აგვისტოდან 2015 წლის აგვისტოს ჩათვლით განხორციელებულ სამუშაოებზე ისაუბრა.

იტვირთბა....