“ბედნიერი შემთხვევითობით თავიდან აცილებული ფატალური შედეგი. ვინ აიღებდა ამ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას?” – ასე ეხმიანება ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ზურაბ გურული ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს.
ექიმმა “ფეისბუქით” გავრცელებულ მიმართვაში ვახო სანაიას და მის ოჯახს თანადგომა გამოუცხადა.
“გაყინული ქვაფენილი, გამიზნულად თავის არეში მიყენებული დარტყმები, ოჯახის თვალწინ…
ბედნიერი შემთხვევითობით თავიდან აცილებული ფატალური შედეგი. ვინ აიღებდა ამ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას?
რიტორიკული კითხვაა. როგორც ყოველთვის გონებადაბნეული და გონებაშეზღუდული შემსრულებლები. შემკვეთი კი …
შემკვეთი საზოგადოების ის სპექტრია, წაქეზებითა და დუმილით რომ ახალისებს და ასაზრდოვებს ბოროტებას.
ზიზღისა და სიძულვილის ოხშივარით გაჟღენთილია ჰაერი. ისინი კი, ვისაც სამსახურებრივად ევალებათ ამ სიძულვილის განეიტრალება, „ასანთს“ ისვრიან და ალაგ-ალაგ ავარდნილი ალის ყურებით ერთობიან.
ფიზიკური ტკივილი არაფერია, ყუჩდება; ყველაზე მომაკვდინებელი და დამამცირებელი უმწეობის შეგრძნებაა; დაშვებული სისტემური სიძულვილის და ანგარიშსწორების წინაშე ნაგრძნობი უმწეობის…
ჩემი თანაგრძნობა და უპირობო მხარდაჭერა თქვენ ვახო სანაია და თამუნა ყურაშვილი.” – წერს გურული.
შეგახსენებთ, “ფორმულას” ტელეწამყვანს ვახო სანაიას თავს დაესხნენ. პოლიციამ ჟურნალისტზე ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავა.