ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
გთავაზობთ განცხადების სრულ ტექსტს:
“დღეს 100 წლისთავი შესრულდა იმ ტრაგიკული დღიდან, როდესაც 1921 წელს კრემლის მიერ გამოგზავნილმა არმიამ დაიპყრო დამოუკიდებელი საქართველო.
საბჭოთა ჯარების შემოჭრა იყო სამშვიდობო შეთანხმების უტიფარი დარღვევა, რომელსაც თბილისის მთავრობამ ერთი წლით ადრე მოაწერა ხელი მოსკოვში.
იმ სევდიანი დღის მოსაგონრად ამერიკის საელჩოს თანამშრომლები, ჩემი კოლეგები, ერთად წაიკითხავენ კოლაუ ნადირაძის ლექსს, „25 თებერვალი”.
ლექსი 1985 წელს გამოქვეყნდა, თუმცა იგი აღწერს იმ დღის ტრაგედიას, როდესაც მოსკოვმა ქართველებს წაართვა დამოუკიდებლობა და როდესაც მათი ქვეყანა საბჭოთა კავშირს შეუერთეს.
ლექსი შემზარავი სიცხადით აჩვენებს საბჭოთა პერიოდში ამაყი ქართველი ხალხისთვის კრემლის მმართველობის ქვეშ ცხოვრების სიძნელეებს.
დღევანდელი დღე, ისე როგორც არასდროს, გვახსენებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გაერთიანებული საქართველო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ”, – აღნიშნავს დეგნანი.
შეგახსენებთ, 1921 წლის 25 თებერვალს თბილისი მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა. საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა. დამოუკიდებლობის დაკარგვას მოჰყვა სასტიკი რეპრესიები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ათასობით ადამიანის დახვრეტა, ხანგრძლივი პატიმრობა და გადასახლება.