ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

დღეს 100 წელი შესრულდა საბჭოთა ოკუპაციიდან

ცოტა ხნის წინ,  საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარესთან, თავდაცვის მინისტრთან და ქალაქის მერთან ერთად კოჯორში იუნკერთან მემორიალთან მივიდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო დღეს  გადის გზას, რომელიც ქვეყანას გააძლიერებს. მოუტანს დემოკრატიულ და ეკონომიკურ წინსვლას.

“ეს დღე გვახსენებს კიდევ ერთხელ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა, მიუხედავად იმისა, რომ არის დროებით ოკუპირებული, ჩვენი გზა გადის ჩვენი ქვეყნის გაძლიერებაზე, დემოკრატიაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე და კეთილდღეობაზე, ეს არის გზა, რომელიც საბოლოო ჯამში მიგვიყვანს ჩვენი ქვეყნის გაერთიანებაზე. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის საერთო ამოცანა და მიზანი უნდა იყოს ჩვენი ერის, ხალხის და ქვეყნის გაერთიანება” – განაცხადა ჟურნალისტებთან პრემიერმინისტრმა.

კომენტარი გააკეთა ასევე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემაც, რომელმაც თქვა, რომ ეს ბრძოლას თავისუფლებისაკენ ბოლომდეა მისაყვანი.

“100 წლის შემდეგ დღეს საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო თუმცა გრძელდება ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი წინაპრების მიერ დაწყებულ საქმეს – ბრძოლას თავისუფლებისთვის ჩვენ მივიყვანთ ბოლომდე, მშვიდობიანად, დემოკრატიული განვითარებით, ეკონომიკის გაძლიერებით ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად საქართველო გამთლიანდება” – თქვა არჩილ თალაკვაძემ. 

ადგილზე იმყოფებოდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტებიც. მათ პარლამენტის თავმჯდომარე შეძახილებით “სირცხვილია” გააცილეს და უთხრეს, რომ ის “არჩილ გავრილოვია”.

შეგახსენებთ, 1921 წლის 25 თებერვალს თბილისი მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა. საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა. დამოუკიდებლობის დაკარგვას მოჰყვა სასტიკი რეპრესიები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ათასობით ადამიანის დახვრეტა, ხანგრძლივი პატიმრობა და გადასახლება.

იმ დროს, თბილისის თავდაცვის ხაზს სარდლობდა საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი კვენეტაძე. რომელსაც მიუხედავად მედგარი წინააღმდეგობისა, მოუწია თბილისის თავდაცვის ხაზის მოხსნა და დედაქალაქის დატოვება.

ამ დღეს დაიწყო საბჭოთა ოკუპაცია, რომელმაც  თითქმის 70 წელი გასტანა. მოგვიანებით ნოე ჟორდანია აცხადებდა, რომ მიუხედავად მისი წინააღდმეგობისა, სხვა გზა არ იყო და თბილისის დატოვებაც გენერალმა გიორგი კვენეტაძემ ერთპიროვნულად მიიღო.

საქართველოს მთავრობამ დედაქალაქი დატოვა და ბათუმში წავიდა. მოგვიანებით კი ევროპაში გაარიდეს თავი საბჭოთა რეპრესიებს.

 

იტვირთბა....