“ფორმულას” ტელეწამყვანი ვახო სანაია მასზე თავდასხმის დეტალებს იხსენებს. სანაიას თქმით, შემტხვევა ღამის საათებში, ვაკეში მოხდა, როდესაც 3 ადგილობრივი მათთან მივიდა და პროვოკაციაზე წამოგებას შეეცადნენ.
“წუხელ, დაახლოებით 1-ის ნახევარზე ჩემი მეუღლე, ჩემი შვილი, ძიძა და ჩვენი ოჯახის კიდევ ერთი წევრი ჩამოვიდნენ თურქეთიდან და აეროპორტში დავხვდით მე და ჩემი რძალი.
იქიდან წამოვედით წყნეთის ქუჩაზე ვაკეში, დავტოვეთ ერთი ადამიანი, მაგრამ, ცენტრალურ გზაზე ვეღარ ვბრუნდებოდით, ჩვენი მანქანა ვერ ამოვიდა, მოყინული იყო და გამოვიძახეთ სამაშველო სამსახური.
პირველი საათზე ან უფრო გვიან, გამოჩნდა, სავარაუდოდ, იმ უბნელი 3 ადამიანი, მათგან ერთ-ერთი ჩემი მეუღლის ყოფილი მეზობელი იყო და მან იცნო. იგი ცდილობდა, რომ გამოვეწვიე, პროვოცირებდა, მე ყურადღებას არ ვაქცევდი.
გამომყვა იმ დროს, როცა მანქანას ვაწვებოდით, ვეხმარებოდით მაშველებს. მიწვევდა, ვუთხარი, რომ დამანებე თავი, ჩემს საქმეს ვაკეთებ, რომ მანქანა ავიყვანო ჩემს ოჯახთან, სამივე ნასვამი იყო, ჩამოიხსნა შარფივით რაღაც ნაჭერი, ქუდი გადაიხადა და მითხრა, კარგადა დაიმახსოვრე ჩემი სახეო და დაიწყო მუქარა. ვუთხარი, რომ საერთოდ ვერ გხედავ, ვაწვები მანქანას და თავი დამენებე მეთქი,”- აცხადებს სანაია.
ჟურნალისტის თქმით, ამის შემდეგ მასზე დაიწყო ფიზიკური თავდასხმა. თავდამსხმელები სანაიას და ზოგადად მედიას ლანძღავდნენ, სანაიას კი ერთ-ერთი მათგანი მოუწოდებდა, რომ მისი სახე კარგად დაემახსოვრებინა.
„აგრესია ჰქონდათ ჩემს მიმართ, როგორც მედიის წარმომადგენლის მიმართ,” – აცხადებს იგი.
ჟურნალისტის თქმით, თავდამსხმელებმა ფიზიკური დაზიანება მის რძალსაც მიაყენეს.
სანაია სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს მადლობას უხდის, რადგან ჩაერივნენ ფიზიკურ დაპირისპირებაში და სანაიას დაეხმარნენ მანქანაში დაბრუნებაში.
“ფორმულას” ტელეწამყვანს ვახო სანაიას თავს დაესხნენ. პოლიციამ ჟურნალისტზე ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავა.