საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგების ბოიკოტისა და ოპოზიციის პროტესტის შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი შეიქმნა. საერთაშორისო თანამეგობრობა სიტუაციის განმუხტვის მიზნით ხელისუფლებასა და ოპოზიციას მოლაპარაკებების გაგრძელებისა და საერთო ენის გამონახვისკენ მოუწოდებდა. ბოლო დღეებში კი შექმნილი ვითარების განმუხტვის ნაცვლად, პოლიტიკური კრიზისი გაღრმავდა, რაც მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაკავებითაა გამოწვეული.
მას შემდეგ, რაც 23 თებერვალს სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა, ოპოზიციამ საპროტესტო აქციების სერია დააანონსა. მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებას საერთაშორისო საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ევროკომისარები და ამერიკელი კონგრესმენები მომხდარ ფაქტს მწვავედ აფასებენ და აცხადებენ, რომ საქართველომ დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე უკან დაიხია. ოფიციალურ განცხადებებში უკვე საუბარია მოსალოდნელ სანქციებზეც, რას ხელისუფლებისთვის საგანგაშო სიგნალი უნდა იყოს.
“მეტრონომი” მიმდინარე მოვლენებსა და მოსალოდნელ სანქციებზე პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას ესაუბრა:
მეტრონომი: როგორ აფასებთ ქვეყანაში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს და ამასთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურებას?
კორნელი კაკაჩია: ასე ვთქვათ, სიტუაცია გაართულა ხისტმა რიტორიკამ, რომელიც ბოლო დროს ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა წამოიწყეს, მათ შორის ოპოზიციის მიმართ, კერძოდ დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაპატიმრებით. ბუნებრივია ამას მოჰყვა საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქცია, რომელიც მოსალოდნელიც იყო. გამომდინარე იქედან, რომ ელოდებოდნენ, რომ ამ არჩევნების შემდეგ საქართველო უფრო გადაიხრებოდა კონსენსუსისკენ მიდრეკილი პოლიტიკისკენ, ამის ნაცვლად პოლარიზაციის კიდევ უფრო უკიდურესი ფორმები მივიღეთ. ბუნებრივია, რომ ამას სხვადასხვა რეაქციები მოჰყვა ამერიკიდან და ევროპიდან.
– საერთაშორისო თანამეგობრობა განცხადებებში უკვე მოსალოდნელ სანქციებზეც ამახვილებენ ყურადღებას. რამდენად სერიოზულად შეაფასებთ დასავლეთისა და ამერიკის ოფიციალურ განცხადებებს სანქციებთან დაკავშირებით და რა სახის სანქციებს შესაძლოა ველოდოთ?
– რაც შეეხება სანქციებს, მგონია, რომ ამ ეტაპზე ყველა თავს შეიკავებს სანქციებისგან, იმიტომ, რომ ჯერ არ არის მომწიფებული სიტუაცია, რომ კონკრეტულად სანქციებზე იყოს საუბარი. იმიტომ, რომ მაინც იმედი აქვს დასავლეთს და საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ხელისუფლება შეცვლის ხისტ რიტორიკას და უფრო კალატოპოტში ჩადგება და დიალოგის რეჟიმი დაიწყება, თუ ყველაფერი პირიქით გაგრძელდა, მაშინ ალბათ ვიდრე სანქციებზე იქნება საუბარი, პირველ რიგში გადაიხედება ის ორმხრივი შეთანხმებები, რომელიც არსებობს აშშ-თან, ევროკავშირთან, უვიზო მიმოსვლის შესახებ. ასეთ რამეებზე შეიძლება რომ იყოს საუბარი. არ მგონია, რომ პირდაპირ გაუქმებაზე იყოს საუბარი, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მართლა გაუარესდება სიტუაცია. უბრალოდ ეს სიგნალები საყურადღებოა, რადგან აქამდე მე არ გამიგია, რომ რომელიმე ევროპარლამენტარს ან ამერიკელ კონგრესმენს კონკრეტულად სანქციებზე აშკარად ესაუბროს. და ამ კუთხით ძალიან საყურადღებო გზავნილია.
– ხელისუფლებაში ყოველთვის აპელირებენ, რომ ოპოზიციის მეგობარი ევროპარლამენტარები და კონგრესმენები აფასებენ ვითარებას კრიტიკულად, თქვენი შეფასებით, საერთაშორისო პარტნიორები მწვავე განცხადებებს ოპოზიციასთან მეგობრობის ხათრით აკეთებენ, თუ ქვეყანაში რეალურად ასეთი კრიტიკული ვიტარება დგას?
– ორივე. ანუ, “ნაციონალურ მოძრაობას” ჰყავს ძალიან სერიოზული მეგობრები, იმიტომ, რომ წინა ხელისუფლებას დიდი ინვესტიცია აქვს ჩადებული საგარეო ურთიერთობებში. ყოფილი ხელისუფლებისგან განსხვავებით “ქართულმა ოცნებამ” ვერ მოახერხა საერთაშორისო დონეზე ასეთი საგარეო კავშირების უზრუნველყოფა. არ მახსენდება “ქართული ოცნების” მიერ შეძენილი საქართველოს მეგობარი, ან ახალი სენატორი, ან კონგრესმენი, რომელიც მათ დაუდგებოდა გვერდში “ქართულ ოცნებასაც.” მათ შორის, ევროპარლამენტშიც ხომ არიან “სოციალისტები” და “ქართული ოცნებაც” თითქოს მათთან თანამშრომლობს. იმათი განცხადებებიც კი იყო ძალიან კრიტიკული. ფაქტობრივად, საერთაშორისო არენაზე “ოცნებას” არ ჰყავს მოკავშირეები, როგორც “ნაციონალურ მოძრაობას”. მხოლოდ იდეოლოგიურ მოკავშირეებზე არაა საუბარი, რომლებიც მხარს უჭერენ ოპოზიციას, აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ თვითონ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა იმის საშუალებას იძლევა, რომ ის ხალხიც კი რომელიც არ არის ჩართული ქართულ პარტიულ პოლიტიკაში და არაა მხარე, ეს ხალხიც შეშფოთებულია. ესაა, რომ დასავლეთის ინტერესი საქართველოში არის სტაბილურობა, მათ არ აქვთ კონკრეტული გეგმა, რომ მათ ამა თუ იმ პარტიას დაუჭირონ მხარი, მთავარია, რომ ქვეყანაში შედგეს დემოკრატია და გააგრძელოს სწრაფვა ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ. ამ კუთხით ქართველი ხალხის და დასავლეთის ინტერესი ერთმანეთს ემთხვევა. ნებისმიერი პარტია ან ლიდერი, რომელიც ამ გზას გადაუხვევს, ბუნებრივია, მაშინ ჩნდება ეს კითხვები და განცხადებები.
– რა გზები არსბობს, მოცემული კრიზისის განსამუხტვად და აქვს თუ არა ხელისულფებას ამისი ბერკეტი?
– სხვადასხვა ვარიანტი შეიძლება. თუ მონდომება არსებობს და არა ცალყბად რაღაც გაცხადებული კომპრომისების პოლიტიკა. ერთ დღეს რომ აცხადებ, ოპოზიციაში მოღალატეები და კრიმინალები არიან და მეორე დღეს გამოდიხარ მშვიდობის მტრედივით, ეს სისტემა ასე არ მუშაობს. ამისთვის საჭიროა, ორივე მხარემ და რაც მთავარია, კომპრომისის სურვილი უნდა გამოავლინონ, რასაც სამწუხაროდ ჯერჯერობით არცერთი მრიდან არ ჩანს. თუმცა, გამოსავალი რა თქმა უნდა არსებობს. რამდენიმე ვარიანტი შეიძლება. თუ ორივე მხრიდან იქნება პოლიტიკური ნება, იმიტომ, რომ როგორც ტანგოს ვერ იცეკვებს ერთი ადამიანი, ისე ამ მოლაპარაკების დროსაც საჭიროა ოროვე მხარის თანხმობა. შესაძლოა სხვადასხვა ვარიანტები იყოს. მაგალითად, ერთი ვარიანტი იყოს ასეთი, რომ თუ მოლაპარაკება წარმატებული იქნება და მხარეებმა გარკვეულწილად რაღაცეები დათმეს უკომპრომისო წინადადებებიდან, შესაძლოა ხელისუფლება წავიდეს იმაზე, რომ შეიქმნას კოალიციური მთავრობა. ახლა, ცოტა უტოპიურად კი ჩანს ეს ყველაფერი. ან ვთქავთ, შესაძლოა, მინისტრის რამდენიმე პორტფელი, ან სამართალდამცველ ორგაოებში რამდენიმე პოსტი შესთავაზოს ოპოზიციის წარმომადგენლებს, ცესკო-ს ახალი ხელმძღვანელი აირჩიონ, რომელსაც ოპოზიცია ენდობა და ა.შ. და ამის შემდეგ მეორე მხარე იგებს იმას, რომ ოპოზიცია დათანხმდება პარლამენტში შევიდეს. ეს რამდენად მისაღებია ოპოზიციისთვის, ცალკე საკითხია, მაგრამ ეს ერთი ვარიანტი შეიძლება მოხდეს. მეორე ვარიანტიც არის, რომ უბრალოდ დაინიშნოს ახალი არჩევნები ამაზე შეთანხმდნენ და ამ არჩევნების გზით გადაწყდეს ხელისუფლების საკითხი. მე მგონი ეს ორი ვარიანტი რამდენად უტოპიურადაც არ უნდა ჟღერდეს, უფრო მისაღებია, ვიდრე ის ესკალაცია, რაც შეილლება მოჰყვეს შექმნილ სიტუაციას.
ავტორი: თათია შაიშმელაშვილი