“ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს. დღევანდელ შეხვედრაზე ისინი სამოქმედო გეგმებზე ისაუბრებენ.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, ხვალიდან ოპოზიცია უწყვეტ აქციებს იწყებს მანამ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და პოლიტპატიმრები ციხიდან არ გამოვლენ.
ის ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ საპროტესტო ტალღა მთელ სქართველოს მოედება.
მისივე თქმით, მმართველი გუნდს ეშინია საპროტესტო აქციების და სწორედ ამის გამო დატოვა 21:00 საათის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვა.
“საპროტესტო აქციები დაიწყება ხვალიდან, ვგულისხმობ მასშტაბურ საპროტესტო აქციებს, რომელიც გაგრძელდება მანამ, ვიდრე არ დაკმაყოფილდება ყველა ის მოთხოვნა, რომელიც დღეს ოპოზიციას და საზოგადოებას აქვს. ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება- ნიკა მელია, გიორგი რურუა, ახალი არჩევნები და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება. ვიდრე ეს მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, აქციები გაგრძელდება და ეპიცენტრი არ იქნება მხოლოდ თბილისი. ეს მოედება მთლიანად საქართველოს”.
“კომენდანტის საათის” შემოღება თავიდანვე იყო პოლიტიკური ნიშნით გაკეთებული. ბუნებრივია, როდესაც ქვეყანაში არის მღელვარება და არის საშიშროება იმისა, რომ მასობროვი აქციები დაიწყოს, ამისთვის ხელისუფლებამ ბერკეტი მოიფიქრა, ამოეფარა პანდემიას და შემოიღო „კომენდანტის საათი“. პრაქტიკულად ყველა შეზღუდვა იხსნება 8 მარტიდან, რჩება მხოლოდ „კომენდანტის საათი“. ეს ხომ წარმოუდგენელია? პირდაპირ ამბობს ხელისუფლება, რომ მეშინია თქვენი ხმამაღალი პროტესტის და ამიტომ ჩაკეტილი მეყოლებით 9 საათის შემდეგო.” – განაცხადა ჟურნალისტებთან უდუმაშვილმა.
ცნობისთვის, 23 თებერვალს, გამთენიისას, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს. ენმ-ის ლიდერის, ნიკა მელიას აყვანის სპეცოპერაციის დროს 21 პირი დააკავეს.