საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასთაბით როგორც საჯარო, ისე კერძო ბაღები მუშაობას 1-ლი მარტიდან განაახლებენ. ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
პრემიერის თქმით, სააღმზრდელო დაწესებულებაში სავალდებულო იქნება პედაგოგების ვირუსზე ტესტირება.
“სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, როგორც საჯარო, ისე კერძო, ფუნქციონირებას აღადგენენ 1 მარტიდან 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20 %-ის სავალდებულო ტესტირების პირობით,”- განაცხადა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები 28 ნოემბრიდან ამოქმედდა.მთავრობამ შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის გეგმა შეიმუშავა.
შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა პირველი თებერვლიდან, კერძოდ, გაიხსნა სავაჭრო მოლები და განახლდა სასწავლო პროცესი, 8 თებერვლიდან კი ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
ქვეყანაში რამდენიმე კვირაა კოვიდდადებითობის მაჩვენებელი 4%-ს ჩამოცდა, ხოლო ბოლო 7 დღის განმავლობაში საშუალოდ 2,36%-ია. რის გამოც საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო.
ნახეთ შეზღუდვების ჩამონათვალი, რომლებიც ხვალიდან მოიხსნება.