ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“აშშ ღრმად შეშფოთებულია ოპოზიციის ლიდერის ნიკა მელიას დაკავების გამო”- სახელმწიფო დეპარტამენტ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას ბრიფინგზე ეხმიანება და აცხადებს, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულია მომხდარის გამო.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა, აშშ ყველა პარტიას თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

“დღეს დავიწყებთ საქართველოთი. აშშ ღრმად შეშფოთებულია ოპოზიციის ლიდერის ნიკა მელიას და სხვა ოპოზიციონერების დაკავების გამო საქართველოში”, – განაცხადა პრაისმა.

მოგვიანებით, მას საკითხთან დაკავშირებით დამაზუსტებელი კითხვით მიმართეს, რაზეც სპიკერმა განაცხადა:

„ჩვენ ღრმად შეშფოთებული ვართ საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენებით. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ყველა პარტიას თავშეკავებისკენ, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი ქმედება, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს ან გაამწვავოს დაძაბულობა. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, იმოქმედოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად, გააძლიეროს ვალდებულებები დემოკრატიის, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობისადმი, სასამართლო და პროკურატურის სისტემების თავისუფლების უზრუნველყოფით პოლიტიკური მიკერძოებისგან. აშშ მხარს უჭერს დემოკრატიულ, უსაფრთხო და წარმატებულ საქართველოს. ჩვენ საქართველოსთან მუშაობას განვაგრძობთ, რათა დავუჭიროთ მხარი კანონის უზენაესობასა და ინსტიტუტების ანგარიშვალდებულებას“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსსპიკერმა.

ცნობისთვის, 23 თებერვალს, გამთენიისას, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს. ენმ-ის ლიდერის, ნიკა მელიას აყვანის სპეცოპერაციის დროს 21 პირი დააკავეს.

მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებას საერთაშორისო საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

იტვირთბა....