საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თეა წულუკიანი მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ნათია მეზვრიშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ მზად არის მის განცხადებებზე კომენტარი გააკეთოს, რადგან მიაჩნია, რომ ნათია მეზვრიშვილი კომპეტენტურ ადამიანია.
ამასთან, თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საუბრისას სახალხო დამცველთან დაკავშირებითაც ისაბრა და დასძინა, რომ ნინო ლომჯარია პოლიტიკოსების გარდა სხვა პატიმრებს არ ხვდება.
„ქალბატონი სალომე (სალომე ზურაბიშვილი) რა განცხადებას გააკეთებს, მე წინასწარ ამასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, ეს სპეკულაციები და წმინდა წყლის ვარაუდები იქნება. რაც შეეხება ქალბატონ ნინო ლომჯარიას, მე მზად ვარ, ძალიან დიდი სიამოვნებით ვაკეთო კომენტარები ქალბატონ ნათია მეზვრიშვილის განცხადებებზე, რადგან მას სერიოზულ, კომპეტენტურ ადამიანად მივიჩნევ, რასაც ვერ ვიტყვი სახალხო დამცველზე, რომელიც პოლიტიკოსების გარდა არც ერთ პატიმარს არ ხვდება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.
ამასთან, წულუკიანმა ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით ნათია მეზვრიშვილის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მეზვრიშვილს 20 ივნისის მოვლენებზე სხვა პოზიცია ჰქონდა, როცა ხელისუფლებაში თანამდებობა ეკავა.
„მე მახსოვს, ქალბატონი ნათია მეზვრიშვილი 20 ივნისის მოვლენებს როგორ აფასებდა და როდესაც რამდენიმე დღის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციაში გადაინაცვლა, იქიდან სხვანაირად ლაპარაკი მინიმუმ უხერხულია, მაგრამ ეს მისი შეფასებაა, მე ჩემს შეფასებებს ვაკეთებ და როგორც ამ ქვეყნის პარლამენტის ერთი რიგითი დეპუტატი გეუბნებით, რომ არავითარ შემთხვევაში არც მომავალში საქართველოს პარლამენტზე შტურმი არ იქნება შეწყნარებული, ვერც ერთი პრობაციონერი ვერ მოიხსნის და ჰაერში ვერ ისვრის სამაჯურს ისე, რომ ამას არ მოჰყვეს რეაგირება, რაც არ უნდა იყოს პოლიტიკური მიზანშეწონილობის შესახებ სხვადასხვა გაარასამთავრობო ორგანიზაციებული გუშინდელი ხელისუფლების პოზიციები. ჩვენ ვართ ხელისუფლებაში დღეს და ჩვენ გვაკისრია პასუხისმგებლობა, რომ ვაკანონოთ კანონი, ამას ყველა უნდა შეეგუოს, რაც არ უნდა უსიამოვნო იყოს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა, სადაც “ნაცმოძრაობის” თავჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების საკითხზე საუბრობს.