ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“უკვე შემდგარი ფაქტია, რომ ერთი ბრალდებულის დევნამ „კანონის სახელით“ ქვეყანა დახია უკან” – ნათია მეზვრიშვილი

მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ მიმართვას ავრცელებს.

მეზვრიშვილი აღნიშნულ მიმართვაში ამბობს, უკვე შემდგარი ფაქტია, რომ ერთი ბრალდებულის დევნამ „კანონის სახელით“ ქვეყანა დახია უკან.

„ძალიან მოკლედ იმაზე თუ როგორ შეიძლებოდა ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო, როგორ შეიძლებოდა ბრალდებული პატიმრობის გარეშე დარჩენილიყო განაჩენის გამოტანამდე და ქვეყნისთვის აგვერიდებინა ის დამაზიანებელი პროცესები, რაც დღეს ხდება:

პირველ რიგში – არ ვეხები ბრალდებულის დამნაშავეობა – უდანაშაულობის საკითხს. ვეხები აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების საკითხს, რასაც სამართლებრივად არანაირი კავშირი არ აქვს ბრალდებულის მიმართ საბოლოო განაჩენთან.

სულ რომ თავი დავანებოთ პატიმრობის აღსრულების, ანუ დაკავების ფორმას, შეუძლებელია პროცესის ბოლო ნაწილი (პატიმრობის აღსრულება) იყოს სამართლებრივად გამართული, მაშინ, როცა აღსრულებამდე მთლიან პროცესში იყო არაერთი კითხვის ნიშანი. ამაში დამეთანხმება ყველა, ვისაც აღკვეთის ღონისძიების საფუძვლების შესახებ რაიმე სმენია და ვინც კარგად იცნობს ამ მხრივ პრაქტიკას.

ვიწროდ და კონტექსტიდან ამოგლეჯილად კანონის ნორმების განმარტება, ასეთ საქმეზე, უხეშად რომ ვთქვათ, ქვეყნისთვის დამღუპველი იყო და ამის შედეგებს მომდევნო დღეები უკეთ დაგვანახებს, თუ უკვე ვერ ვხედავთ.

დიახ, გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში პროკურორი მიმართავს სასამართლოს შუამდგომლობით უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე. მაგრამ ეს ნორმა ცალკე მდგომად ვერ იქნება განხილული, იმიტომ რომ, ნებისმიერ აღკვეთის ღონისძიებას (იქნება ეს პატიმრობა თუ გირაო) პირველ რიგში სჭირდება საფუძველი – ანუ, დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული მიიმალება, გაანადგურებს მტკიცებულებას ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს. ეს ნიშნავს იმას, რომ მაშინაც კი, როცა ბრალდებული გირაოს ვერ/არ გადაიხდის, მისთვის უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისას, პროკურატურამ/სასამართლომ პირველ რიგში უნდა იმსჯელოს ამ ბრალდებულის მიმართ ისევ არსებობს თუ არა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი. ანუ, მარტივად შეიძლებოდა მოცემულ შემთხვევაში ბრალდებული, განაჩენის გამოტანამდე, აღკვეთის ღონისძიების გარეშე დარჩენილიყო.

გარდა ამისა, კანონი არ განსაზღვრავს აღკვეთის ღონისძიებების იერარქიას. არავინ იცის რომელი აღკვეთის ღონისძიებაა უფრო მკაცრი ან ნაკლებად მკაცრი. ამის გამოა, რომ ხშირად სასამართლო ბრალდებულს, რომელიც გირაოს პირობებს არღვევს, პატიმრობას კი არა პირად თავდებობას ან სხვა არასაპატიმრო აღკვეთს უფარდებს.

შესაბამისად, აპელირება იმაზე, რომ პატიმრობა კანონის ერთადერთი მოთხოვნა იყო და სხვა გზა არ იყო, იმთავითვე მცდარი იყო.

რაც შეეხება პატიმრობის აღსრულებას, ანუ დაკავებას, რა თქმა უნდა, შეუძლებელია აღსრულება გამართულად შეფასდეს, როცა აღსრულებამდე პროცესში უამრავი კითხვის ნიშანი იყო როგორც პოლიციის, ისე პროკურატურის და სასამართლოს ქმედებებთან დაკავშირებით.

ამ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების ცვლილების საკითხმა ზედაპირზე ამოიტანა მთლიანად მართლმსაჯულების სისტემის და მისი თითოეული რგოლის წინაშე არსებული გამოწვევები, რომლებიც ჯერ კიდევ მრავლადაა.

იმედია, როცა პოლიტიკური ქარცეცხლი გადაივლის, ყველა ერთად დავფიქრდებით მართლმსაჯულების მთლიანი სისტემის კომპლექსური (და არა ფრაგმენტული) ფუნდამენტური და რეალური რეფორმირების აუცილებლობაზე.

და ბოლოს, ყველაზე მთავარი – ეს ფაქტი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ქვეყანამ წააგოს „კანონის აღსრულების სახელით“. არავინ ამბობს, რომ კანონი არ უნდა აღსრულდეს, მაგრამ არა ქვეყნის ინტერესების, იმიჯის და დასავლური გზით განვითარების მომავალი პერსპექტივის ხარჯზე. დღეს უკვე შემდგარი ფაქტია, რომ ერთი ბრალდებულის დევნამ „კანონის სახელით“, ქვეყანა დახია უკან“, – წერს ნათია მეზვრიშვილი ფეისბუქზე.

ძალიან მოკლედ იმაზე თუ როგორ შეიძლებოდა ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო, როგორ შეიძლებოდა ბრალდებული პატიმრობის გარეშე…

Posted by Natia Mezvrishvili on სამშაბათი, 23 თებერვალი, 2021

 

იტვირთბა....