“ნიკა მელია თავს კარგად გრძნობს და ოპტიმისტურ განწყობაზეა”, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ნიკა მელიას მონახულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.
რატომ მიაჩნია, რომ დაკავების პოლიტიკური მდგენელი აჭარბებს იურიდიულ საფუძვლებს, ამასთან დაკავშირებით “რუსთავი 2-ის” შეკითხვაზე სახალხო დამცველმა 20 ივნისის საქმეზე მიმდინარე მეორე გამოძიება მოიყვანა:
“მის მიმართ ძალის გამოყენებას, ფიზიკური ძალის გამოყენებას ან შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. ასევე ფიქრობს რომ დამაკმაყოფილებელია ციხეში არსებული პირობები ამ დროისთვის და თავს გრძნობს მხნედ და ჰქონდა სურვილი საჯაროდ მეთქვა, რომ ის საკმაოდ ოპტიმისტურ განწყობაზეა. ერთადერთი მოთხოვნა აქვს, რომ საკანში არაა ტელევიზორი, ჩვენ ვესაუბრეთ ციხის ხელმძღვანელობას და იმედი მაქვს, ეს ლოჯისტიკური საკითხი დროულად მოგვარდება და მიეცემა საშუალება რომ დროულად გაეცნოს მიმდინარე მოვლენებს.
იქიდან გამომდინარე, რომ 20 ივნისის საქმეზე მიმდინარეობს 2 პარალელური გამოძიება ერთი შსს-ში აქციის მონაწილეების მიმართ და მეორე პროკურატურაში პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებზე, რის შედეგადაც, ათობით მშვიდობიანი აქციის მონაწილე დაშავდა. ჩვენ ვხედავთ, რომ არავის პასუხისმგებლობა არ დამდგარა ძალის გადამეტების გამო, მაშინ როდესაც გამოძიება მეორეს მხრივ აქტიურად მიმდინარეობს და არაერთ დაპატიმრებას ჰქონდა ადგილი აქციის მონაწილეების მიმართ. მეორეს მხრივ, არაერთგზის განვაცხადე, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების საჭიროება მიმაჩნია, რომ პროკურატურის მხრიდან არ იყო სათანადოდ დასაბუთებული. აქედან გამომდინარე და იმ განცხადებების და კონტექსტის გათვალისწინებით, რასაც ადგილი ჰქონდა ნიკა მელიას პიროვნების და პოლიტიკური აქტიურობის მიმართ, ვფიქრობ, რომ პოლიტიკური კონტექსტი ამ საქმეში ჭარბობს,”- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.