ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სახალხო დამცველი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ნიკა მელიას ხვდება

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რუსთავში მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას ხვდება.

ლომჯარიას განცხადებით, მას ნიკა მელიას მხარდამჭერებმა და პარტიის წევრებმა სთხოვეს ნიკა მელიას მონახულება.

„მინდა, პირადად მოვისმინო მისგან მისი მდგომარეობის შესახებ. ამ ვიზიტით გამოვხატავ დამოკიდებულებას მის დაკავებასთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ მისი პატიმრობა, წინასწარი პატიმრობა როგორც აღმკვეთი ღონისძიების სახე, არ იყო დასაბუთებული. ვფიქრობ, მის დაკავებაში პოლიტიკური მდგენელი აჭარბებს სამართლებრივ მდგენელს. სოლიდარობას ამ ფორმით გამოვხატავ მის მიმართ. რაც შეეხება სამართლებრივ შეფასებას, წინასწარი დაკავება ეს არის აღმკვეთი ღონისძიების უკიდურესი ფორმა. როგორც პატიმრობას, ასევე სხვა ტიპის აღმკვეთი ღონისძიების გამოყენებას სჭირდება დასაბუთება. კერძოდ სასამართლოს უნდა დაუსაბუთოს პროკურატურამ რომ ამ აღმკვეთი ღონისძიების გამოყენება არის გარანტი, არ დაიმალება ბრალდებული, არ გაანადგურებს მტკიცებულებას, მოწმეებზე ზემოქმედებას არ მოახდენს და არ ჩაიდენს ახალ დანაშაულს. თუ არ არსებობს მტკიცებულებები დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული ამ ქმედებებს განახორციელებს, წინააღმდეგ შემთხვევაში აღმკვეთი ღონისძიების სახით, მით უმეტეს პატიმრობის გამოყენება არის დაუსაბუთებელი, არამარტო ნიკა მელიას საქმის, არამედ ნებისმიერ სხვა შემთხვევაში“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ცნობისთვის, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. დაკავების სპეცოპერაცია გამთენიისას დაიწყო. მელიას აყვანამდე სამართალდამცავებმა პარტიის ოფისში მყოფი მოქალაქეები და მათ შორის პარტიის ლიდერები გარეთ გამოიყვანეს.

სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს.

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ენმ-ის ოფისში შესვლასა და ნიკა მელაის დაკავებას 22 თებერვლის ღამეს გეგმავდა.

იტვირთბა....