ეკონომიკის გახსნის მიმართულებით მთავრობამ რადიკალური ნაბიჯები დაგეგმა. უკვე გადაწყვეტილია, რომ თითქმის ყველა შეზღუდვა ამ კვირაში მოიხსნება. იმას, რასაც აქამდე გახარია ვერ აკეთებდა გარკვეული მოსაზრების გამო, ირაკლი ღარიბაშვილი ხელის ერთი მოსმით უპირისპირდება. პირველი გადაწყვეტილებები უკვე ოთხშაბატს გამოცხადდება. ღარიბაშვილმა უკვე მიგვახვედრა, რომ არ აპირებს, ქვეყანა ეპიდემიოლოგების დიქტატს დაუმორჩილოს. იგი მტკიცედ აპირებს ბიზნესს მუშაობის შესაძლებლობა მისცეს, რაც თითქმის ერთი წელია, კორონავირუსის გამო ვერ ხერხდება.
გამოჩნდა, რომ ახალი პრეიმიერისთვის ეკონომიკის აღორძინება უმთავრესი პრიორიტეტია და მთავრობის მთელი აქცენტი გადატანილი იქნება ინიციატივებზე, რომელსაც იგი თავის გუნდთან ერთად 100 დღის განმავლობაში წარმოადგენს.
„ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ საკუთარ თავს, რომ 30 წელია ერთ წრეზე ვტრიალებთ და გარღვევას ჯერაც ვერ მივაღწიეთ. წინა ხელისუფლების დროს არაერთი ფასადური რეფორმების მომსწრე ვიყავით. პირველ რიგში, ფასადური მითები უნდა დავანგრიოთ, რაც უკვე ათწლეულებია აფერხებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას. შეიძლება ითქვას, რომ მითია სუსტი სახელმწიფოს იდეა, რაც გულისხმობს, რომ სახელმწიფო რაც შეიძლება ნაკლებად უნდა ჩაერიოს ეკონომიკაში და ბაზრის უხილავი ხელი თავისით დაარეგულირებს ყველაფერს. ვგულისხმობ კონტექსტს, რაც დღეს არის შექმნილი როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში. პროცესების თვითდინებაზე მიშვებით განვითარების პრეცენდენტი ისტორიამ არ იცის. არც ევროპა და არც ამერიკა ამ გზით არ განვითარებულა“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა, რომლის განცხადებითაც, შეზღუდვების 80% მოიხსნება.
ახლა სპეციალისტები, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმაზე მსჯელობენ, რა იგულისხმება ეკონომიკის ასეთი მასშტაბით გახსნაში. „ქართული ოცნების“ წევრი ლადო კახაძე საუბრობს იმ ნაბიჯებზე, რომელიც რამდენიმე დღეში გადაიდგმება შეზღუდვების შემსუბუქების კუთხით.
,,პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილისგან პირობა მივიღეთ, რომ შეზღუდვები მოიხსნება და მუშაობას შეძლებენ თეატრები, კინოები. გარკვეული მოსაზრებაა კომენდანტის საათზე, შესაძლოა, გადაიწიოს ღამის 12 საათამდე, ამას საბჭო საბოლოო ვერდიქტს გამოუტანს.
რაც შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს – პირველი პრეცედენტი თბილისი-რუსთავი იქნება, მაგრამ საბჭო ამის გადაწყვეტილებას მიიღებს. საუბარია მთის კურორტებზეც – სავარაუდოდ, შეზღუდვა აქაც მოიხსნება, მთავარია, წესების დაცვა და დისციპლინა“, – განაცხადა “პრაიმტაიმთან” კახაძემ და დასძინა, რომ სავარაუდოდ, ძალაში დარჩება შაბათ-კვირის შეზღუდვები.
ეკონომიკის ამოქმედებასთან დაკავშირებით სწორი ნაბიჯების გადადგმას დადებითად აფასებს ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი, თუმცა აუცილებელია აკრძალვების სრულად გაუქმება და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებისგან, ბრმა მითითებებისგან თავის დაღწევა, რამაც ქვეყნის განვითარებას დიდი საფრთხე შეუქმნა.
,,შეზღუდვების მოხსნა აუცილებელია, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ამას ვამბობდი გახარიას პრემიერობის დროს და ახლაც ამ პოზიციაზე ვრჩები. ბიზნესისა და დასაქმებული ადამიანების სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი დგას. 100%-იანი გახსნაა საჭირო.
გახარია რატომ ვერ დგამდა გადამწყვეტ ნაბიჯებს, ვერ გეტყვით. არ მგონია, ექიმების გავლენის ქვეშ მოქცეულიყო. ალბათ, ჰქონდა სხვა არგუმენტიც. ახლა კი, როცა პრემიერი შეიცვალა, ღარიბაშვილს ვურჩევ, დაუყოვნებლივ გამოსტაცოს ეკონომიკა იმ ადამიანებს, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ ეკონომიკა როგორ მუშაობს და პროცესები დიქტატის ქვეშ მოაქციეს“, – განუცხადა “ბიზნეს-რეზონანსს” ბაირახტარმა და დასძინა, რომ ეკონომიკურ კრიზისზე დიდი გავლენა მოახდინეს ექიმებმა, რომელთა რეკომენდაციებს ამდენი ხნის განმავლობაში მთავრობა იზიარებდა.
,,კრიზისის ჩამოყალიბებაში, შექმნილ გარემოებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის 3 ადამიანს, რომლებიც ,,მუშკეტერობას“ იბრალებენ. მათ დანაშაული ჩაიდინეს და დიდი წვლილი მიუძღვით იმაში, სადაც ქვეყანა აღმოჩნდა გაუაზრებელი შეზღუდვების გამო. კარგია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ფიქრობს ეკონომიკის გახსნას, ეს არის სწორი მიდგომა. არც ერთი მმართველი ქვეყანას არ უნდა მართავდეს ექიმების დაგეგმარების მიხედვით, რაც დიდი შეცდომა იყო. საბოლოოდ ეკონომიკაში უმძიმესი შედეგები მივიღთ, ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი თავდაყირა დააყენეს“, – განაცხადა ბაირახტარმა.
წყარო: “რეზონანსი” კითხვის გაგრძელება