“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას მამა, ანზორ მელია შვილის დაკავებასთან დაკავშირებით პირველ კომენტრას აკეთებს.
“შოკირებული ვარ, ამ კადრებს რომ ვუყურებდი. არ ვიცი რა უნდა ვთქვა, ჯერ ანალიზის უნარიც კი არ მაქვს. მთელი ღამე გავათენეთ მე და ჩემმა მეუღლემ, როგორ გგონიათ შვილი იქ იყოს და მამამ და დედამ დაიძინოს? უიარაღოდ იყვნენ, ცარიელი ხელებით. მხელა შტურმი, ამდენი პოლიციელი და სპეცრაზმელი რაში სჭირდებოდათ? ეს სცენა რაში სჭირდებოდათ? ფილმს გადაიღებდა ადამიანი, სასწაული იყო.
გუშინ ღარიბაშვილის გამოსვლის შემდეგ ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ეს მოხდებოდა და ამიტომ ტელევიზორს არ მოვშორებივარ. მეუღლეც ადევნებდა თვალს, ერთად ვუყურებდით ამ ყველაფერს. ჩვენ ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, ვუგებთ და ვამხნევებთ ერთმანეთს. ყველაზე მეტად მოვიხიბლე ნიკას ქცევით. როცა შევიდნენ სპეცრაზმელები, ცალკე ოთახში იყო ნიკა, გამოვიდა იქიდან. წინააღმდეგობა არ გაუწევია, არც მოწოდება არ იყო, მშვიდად გაჰყვა. იმაში დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე დასრულდება ეს ყველაფერი. თვითონ ღარიბაშვილი გაათავისუფლებს ნიკას”, – განუცხადა “ამბებს” ანზორ მელიამ.