ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩვენ რეალურად უვაქცინო წელი გველოდება” – რატომ გადაიწია ვაქცინის შემოტანის თარიღი

ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელი, ექიმი ვახტანგ კალოიანი საქართველოში ვაქცინის შემოტანის თარიღის გადაწევას ეხმიანება და აცხადებს, რომ გარკვეული პრობლემა არსებობს.

როგორც ექიმმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ვაქცინაციის ეროვნული გეგმა  მიუღწეველია და სავარაუდოდ ამ წელში ვაქცინაციის პროცესიც არ დაიწყება.

„ოფიციალური პირებიდან ვიცით, რომ არის პრობლემა, მაგრამ რა პრობლემაა, სად შეიქმნა პრობლემა – რაოდენობაში, მოწოდებაში, ბიუროკრატიაში, ტრანსპორტირებაში. რეალურად ამის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. საერთოდ ამ მიმართულებით რამე მსჯელობა ძალიან რთულია. გამორიცხული არაფერია, მაგრამ მიზეზი რატომ მოხდა გადაწევა, არ ვიცით…

მე ხელისუფლების მეხოტბეთა რიგს ნამდვილად არ მივეკუთნები, მაგრამ ხელისუფლების დადანაშაულება ამ საკითხზე ძალიან მიჭირს. ჩემი აზრით, ხელისუფლებამ თავიდან მცდარი სტრატეგია აირჩია, გვიან დაიწყო, ვერ გარისკა მწარმოებლებთან ურთიერთობა და შესაბამისი, შედეგიც გვაქვს. ამ პროგნოზში ძალიან მინდა ვცდებოდე და დიდი სიამოვნებით მოვიხდი ბოდიშს, მაგრამ მე მგონია, რომ ის ამბიციური გეგმა, რაც ახლა ხელისუფლებას აქვს, სამწუხაროდ, მიუღწეველია.

ჩვენ რეალურად უვაქცინო წელიწადი გველოდება. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, ეპიდემიოლოგიური მართვის მწყობრი გეგმა, რომ ისევ პრობლემებში, ისევ “ლოდაუნში” არ აღმოვჩნდეთ. ჩვენ ეს ყველაფერი ისე უნდა გადავიტანოთ, რომ “ლოქდაუნი” ისევ არ დაგვჭირდეს“, – განაცხადა კალოიანმა.

ცნობისთვის, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ვაქცინის შემოტანის პროცესმა ერთი-ორი კვირით გადაიწია.

თებერვლის ბოლოს ქვეყანა “ფაიზერის” ვაქცინის 30 ათასამდე დოზას ელოდებოდა.

იტვირთბა....