შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ენმ-ის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების ვადები არ არსებობს, მთავარია მოსამართლის გადაწყვეტილება აღსრულდეს.
მინისტრობის კანდიდატი ამ ეტაპზე ვერ ასხელებს ვადას, როდის შეიძლება დააკავონ ნიკა მელია.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, ახლა მას ჩვენ დღეს აღვასრულებთ, ხვალ, სამ დღეში თუ ერთ თვეში, ეს შეზღუდული არ არის… ვერ გეტყვით ზუსტად, როდის აღსრულდება, ვმუშაობთ”, – თქვა გომელაურმა.
ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ მან განაცხადა, რომ ის ვერ შეაფასებს მელია პოლიტიკურად დევნილია თუ არა.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლემ ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიას მიმართ გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პარტიის ლიდერს პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.
თუმცა, მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრი აღნიშნულ საკითხზე არსებული დაპირისპირების გამო თანამდებობიდან გადადგა, შსს-მ ნიკა მელიას დასაპატიმრებლად საჭირო ღონისძიებები დროებით შეაჩერა.