“ევროპელი სოციალისტები” განცხადებას ავრცელებენ, სადაც ნატქვამია, რომ ისინი ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერენ.
როგორც პარტიის განცხადებაში წერია, ისინი კენჭისყრაშიც არ მიიღებენ მონაწილეობას.
„ირაკლი ღარიბაშვილი გახლავთ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის მიერ წარდგენილი კანდიდატურა. რამდენად სწორია ეს გადაწყვეტილება, ამას დრო აჩვენებს. ეს არის მმართველი პარტიის პრეროგატივა. აქედან გამომდინარე, შედეგებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ გუნდს. „ევროპელი სოციალისტების“ საპარლამენტო გუნდი ღარიბაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებისგან თავს შეიკავებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც 17 თებერვალს, სასამართლომ ენმ-ის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანაყოფი “ნაციონალური მოძრაობის” ოფისისკენ დაიძრა, მოულოდნელად გიორგი გახარიამ თანამდებობიდან წასვლის შესახებ საგანგებო განცხადება გაავრცელა. გახარიას თქმით, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. გიორგი გახარიას წასვლის შემდეგ, იმ დღესვე ახალი პრემიერის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დასახელდა.
ირაკლი ღარიბაშვილს და მის კაბინეტს “ოცნების” პარლამენტი კენჭს 22 თებერვალს უყრის..