ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ალასანია-მარგველაშვილი – ახალი პოლიტიკური ალტერნატივა?

მეტრონომთან ალასანია შესაძლო პოლიტიკურ ალიანსზე საუბრობს

იმ ფონზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეპუტაცია სერიოზულადაა შელახული, „ქართული ოცნების“ პოლიტიკამ კი თითქმის ვერცერთ ასპექტში ვერ გაამართლა საზოგადოების იმედი, საქართველოს პოლიტიკურ რუკაზე დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე რეალურ ალტერნატიულ ძალად „თავისუფალი დემოკრატები“ მოიაზრება. ყოველ შემთხვევაში, ბოლო კვლევების მიხედვით, მისი ლიდერი ირაკლი ალასანია საკმაოდ რეიტინგული ფიგურაა.

წინა არჩევნებში „თავისუფალი დემოკრატები“ კოალიცია „ქართული ოცნების“ რიგებში იყვნენ და კოალიციასთან ერთად მოიპოვეს გამარჯვება. რა გეგმები აქვს პარტიას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე? იბრძოლებენ თუ არა თავისუფალი დემოკრატები დამოუკიდებლად თუ ისევ კოალიციაში გაერთიანდებიან? რომელი პოლიტიკოსის ან პოლიტიკური ძალის ხედვებია ყველაზე ახლოს მათ ხედვებთან? ამ კითხვებით „მეტრონომმა“ პარტიის ლიდერს, ირაკლი ალასანიას მიმართა:

ირაკლი ალასანია: ჩვენ, „თავისუფალი დემოკრატები“ ვაპირებთ, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალები მოვსინჯოთ და გამარჯვებისთვის მარტოებმა ვიბრძოლოთ. პრაქტიკულად გადაწყვეტილი გვაქვს, რომ 2016 წლის არჩევნებზე დამოუკიდებლად გავალთ.

„მეტრონომი“: არსებობს მოსაზრება, რომ თქვენი და გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკური ალიანსი იდეალური იქნებოდა. ცხადია გიორგი მარგველაშვილის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ. თუ განიხილავთ ამ პერსპექტივას?

ირაკლი ალასანია: ჩვენ ბატონ გიორგი მარგველაშვილთან ძალიან კარგი სამუშაო ურთიერთობები გვაქვს. ძალიან მომწონს ის, რომ საქართველოს პრეზიდენტი არცერთ პოლიტიკურ ძალასთან პირდაპირ ასოცირებული არ არის. რა თქმა უნდა, ღირებულებებში ძალიან დიდი თანხვედრა გვაქვს, მაგრამ მგონია, რომ საქართველოს პრეზიდენტი სწორ ნაბიჯებს დგამს; ის ცენტრშია, გამაერთიანებლის ფუნქციას ასრულებს და არ არის ერთი რომელიმე კონკრეტული პარტიის წარმომადგენელი. აქედან გამომდინარე, დღეს ასეთ პოლიტიკურ ალიანსს არ განვიხილავთ, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებას თუ გავითვალისწინებთ, რომ პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს, გამორიცხული არ არის მართლაც შექმნას ალიანსი იმ პოლიტიკურ ფიგურებთან, რომელთა ხედვებიც მის ხედვებთან ყველაზე ახლოსაა. ამ ფონზე „თავისუფალ დემოკრატებთან“ მარგველაშვილის „ძალიან კარგი სამუშაო ურთიერთობები“ (ირაკლი ალასანიას სიტყვებს თუ დავეყრდნობით), თავისუფლად შეიძლება მათ მომავალ ალიანსზე მიანიშნებდეს.

იტვირთბა....