ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ალასანია დედაქალაქის მერს მიმართავს

დღეს „თავისუფალი დემოკრატების“ თბილისის ოფისში პარტიის ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ წლის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა და თბილისელების პრობლემებზე ისაუბრა. ალასანიამ განაცხადა, რომ რამდენიმე თვის წინ სწორედ მოქალაქეების პრობლემების გასაცნობად „თავისუფალმა დემოკრატებმა“ პროექტი „მოქალაქის ხმა“ წამოიწყეს:

„ჩვენი, „თავისუფალი დემოკრატების“ ამოცანაა, ვიყოთ ხალხის პარტია – პარტია, რომელიც ხალხის ენით ლაპარაკობს და მუდმივი კავშირი აქვს ჩვენს მოსახლეობასთან. – ასე დაიწყო ბრიფინგი ირაკლი ალასანიამ – ქუჩებს, უბნებს უამრავი პრობლემა აქვს, რომელსაც მუნიციპალიტეტი სამწუხაროდ თავს ვერ და არ ართმევს. გადათხრილი ქუჩები, გაყვანილობების პრობლემა, მაგრამ მთავარი პრობლემა ისაა, რომ ხელისუფლებასა და ჩვენს მოსახლეობას შორის კავშირი გაწყვეტილია“.

ალასანიასთან ერთად ბრიფინგს მოქალაქეებიც ესწრებოდნენ სხვადასხვა უბნებიდან. მათ შორის, ერთ-ერთი მარი ბიგვავა იყო, რომლის ექვსი წლის გოგონას ცერებრალური დამბლა აქვს. ალასანიას თქმით, ამჟამად მარის პატარა გოგონა რეაბილიტაციის პროცესს გადის და საკმაოდ ძვირადღირებული მედიკამენტები სჭირდება, რომლის ყიდვის საშუალებაც სოციალურად დაუცველ ოჯახს არ აქვს. მათ ბევრჯერ მიმართეს თხოვნით ხელისუფლებას, თუმცა, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის სიტყვებს თუ დავეყრდნობით, ყველა მიმართვა უშედეგო აღმოჩნდა.

ირაკლი ალასანიას ბრიფინგი

მარი ბიგვავას გარდა, ბრიფინგს კიდევ რამდენიმე მოქალაქე ესწრებოდა, რომელთა მწვავე და გადაუდებელ პრობლემებზე ალასანიამ ასევე საკმაოდ დაწვრილებით ისაუბრა. ბრიფინგის დასასრულს მან ხელისუფლებას კვლავ დასდო ბრალი ხალხის მიმართ უყურადღებობაში და საქმისადმი არაკომპეტენტურ და გულგრილ მიდგომაში.

„თავისუფალმა დემოკრატებმა“ ეს პრობლემები /მოქალაქეების/ დაამუშავა, მაგრამ ბუნებრივია დღეს ჩვენი ძალისხმევა საკმარისი არ იქნება, ამიტომ გადავწყვიტეთ დედაქალაქის მერიას მივმართოთ – თქვა ალასანიამ – ჩვენი ქალაქის /თბილისის ოფისის/ ხელმძღვანელები ამ პრობლემებს მერიამდე მიიტანენ და მინდა ძალიან ნათლად და ცხადად ვთქვა – ეს ერთჯერადი აქტი არ იქნება; ჩვენ ამ პრობლემებს გადავცემთ, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ მონიტორინგს და საზოგადოებას მედიის საშუალებით ჩავაბარებთ ანგარიშს, თუ რომელი მოგვარდა ამ პრობლემებიდან“.

ბრიფინგის დასრულების შემდეგ ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტების სხვა თემებზე დასმულ კითხვებსაც უპასუხა, კერძოდ, 2016 წლის ბიუჯეტისა და გაზრდილი პენსიების თაობაზე:

„პენსიების ზრდა ბუტაფორიული ზრდაა. ჯერ ერთი, ქვეყნის ეკონომიკა იმ ტემპით არ იზრდება, როგორც ეს ბოლო წლებში იყო დაანონსებული. ეს იქნება ბიუჯეტი, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში არსებულ მოთხოვნებს ვერ ერგება. თუნდაც პენსიების 20 ლარით ზრდა – ძალიან ბუტაფორიულია და რეალობას აბსოლუტურად აცდენილია. ყველა ჩვენგანმა თავის თავზე იგრძნო ლარის ინფლაციის შედეგები. აქედან გამომდინარე ის მსყიდველობითი უნარი, რაც ლარს წელიწადნახევრის წინ ჰქონდა, ცხადია ახლა აღარ აქვს. აქ არიან ჩვენი მოქალაქეები და ჰკითხეთ: აქამდე პენსიით რისი ყიდვაც შეიძლებოდა, ახლა 40 პროცენტით ნაკლების ყიდვა შეიძლება – იქნება ეს მედიკამენტები თუ საარსებოდ აუცილებელი ნივთები. აქედან გამომდინარე, ბიუჯეტი სრულიად აცდენილია იმ რეალობას, რომელშიც დღეს ჩვენი ქვეყანა იმყოფება“ – განაცხადა ალასანიამ.

იტვირთბა....