დიდუბის რაიონის გამგეობა აკაკი წერეთლის სახელობის პარკის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს.
სამუშაოები 8 000 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს. სივრცეში უკვე მოეწყო დეკორატიული ბილიკები, გარე განათების სისტემა, საჩრდილობლები, მონტაჟდება საპარკე ფურნიტურა.
პარკის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, მიმდინარეობს მასშტაბური გამწვანების სამუშაოები – გაკეთდა რულონური ბალახი, დამონტაჟდა სარწყავი სისტემა, ირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე.
ამასთან, შესაძლო ვანდალიზმის პრევენციის მიზნით, პარკში განთავსდება ვიდეო კამერები, რომლითაც ტერიტორიის კონტროლი 24 საათის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.
პარკის რეაბილიტაციის სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ლევან ჯღარკავა, გამგებლის მოადგილესთან ზურაბ უგულავასთან ერთად გაეცნო.
აკაკი წერეთლის სახელობის სკვერის სრული რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 903 600 ლარს შეადგენს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „არბა“ ახორციელებს. პროექტის დასრულება მიმდინარე თვის ბოლომდე იგეგმება.