ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნიკა მელიას საკითხზე მსჯელობა აქციის ფონზე მიმდინარეობს – პარლამენტთან აქტივისტებმა მავთულხლართი მიიტანეს

საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს, სადაც დეპუტატები “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნაზე მსჯელობენ.

კომიტეტზე მხარდაჭერის შემდეგ, ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხს კენჭისყრისთვის პლენარულ სხდომაზე გაიტანენ.

კომიტეტის სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს. პარლამენტის უკანა შესასვლელთან სამოქალაქო მოძრაობის წევრები აქციას მართავენ სახელწოდებით – „რუსეთიზაციის 9 წელი.“

აქტივისტები აპროტესტებენ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ სადეპუტატო მანდატის შეჩერების საკითხის განხილვას.

აქტივისტებმა პროტესტის ნიშნად მავთულხლართი მიიტანეს, რომელზეც რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას და „ქართული ოცნების” წევრების სურათები ჩამოკიდეს.

პარლამენტთან მივიდნენ ნიკა მელიას ადვოკატები გიორგი კონდახიშვილი, დიტო საძაგლიშვილი და ბექა ბასილაია, თუმცა მათ შენობაში შესვლის საშუალება არ მიეცათ და ამ დრომდე შენობის გარეთ დგანან.

ადვოკატები მათი არშეშვების მიზეზად ასახელებენ, რომ უმრავლესობას მათი მოსაზრებების მოსმენა არ სურს. მათი თქმით, ადამიანის იმუნიტეტის და უფლებამოსილების შეჩერებაზე დგება საკითხი და ამ დროს დაცვის მხარეს შესაძლებლობა არ ეძლევა მონაწილეობა მიიღოს.

პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.

1-ლი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო. რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით,  ნიკა მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე.

მელიამ სწორედ ეს გირაო არ გადაიხადა – 50 დღე 12 თებერვალს ამოიწურა. პროკურატურამ კი პარლამენტს მისთვის იმუნიტეტის მოხსნის შუამდგომლობით მიმართა, როს შემდეგაც ის სასამართლოს პატიმრობის შუამდგომლობით მიმართავს.

იტვირთბა....