ახალი ამბები ბლოგები კულტურა მთავარი

მექანიკური სიყვარული გასპარ ნოესგან

ნოე სიყვარული 2

პირველი სცენიდანვე, რომელშიც ახალგაზრდა წყვილი ერთობლივად მასტურბირებს, მარტივად შეიძლება მიხვდე, სად გადის ზღვარი გასპარ ნოესთვის ,,დასაშვებსა’’ და ,,დაუშვებელს’’ შორის. ზღვარი კი რეალურად არ არსებობს. ცნება “დაუშვებელი”’ ნოემ უკანასკნელ ფილმში საერთოდ უკუაგდო. სტატიკური კამერა ყველაფერს დეტალებში აფიქსირებს, – ერეგირებული პენისის საშოში შესვლიდან, მთავარი გმირის ფინალურ ეაკულაციამდე. მთავარ მოქმედებამდე, მდარე პორნოგრაფიაც კი არ ივიწყებს ფორმალურ პრელუდიას, რომელიც, გინდა-არ გინდა, ერთგვარი ინტროა ისტორიის განსავითარებლად – მაგრამ ნოემ ესეც დაივიწყა და თითქოს ამით საკუთარ ნონ-კონფორმისტობას გაუსვა ხაზი.

ხოლო, ასეთი თავისებური პროლოგის შემდეგ იწყება სიუჟეტი:

მთავარი პერსონაჟი, მერფი, დილით ცუდ ხასიათზე იღვიძებს, რაც მისი მონოლოგის პირველი ფრაზიდანვე ნათლად იკითხება: ,,how did we end up here’’? (,,აქ როგორ აღმოვჩნდით’’?). ეს კადრს მიღმა ხმა, რომელიც ნელ-ნელა სულ უფრო და უფრო პათეტიკური და არადამაჯერებელი ხდება, მთელ ფილმს გასდევს ფონად და მთავარი პერსონაჟის სხვადასხვა სიტუაციისადმი დამოკიდებულებას ნათელს ხდის. მერფის დილა კი კიდევ უფრო საშინელი ხდება, როდესაც ხმოვანი შეტყობინებით იგებს თავისი ყოფილი შეყვარებულის, ელექტრას შესახებ, – გოგოს ეძებენ, რადგან დიდი ხანია კონტაქტზე არავისთან გასულა. ამას ემატება მერფისთვის უკვე მობეზრებული ახლანდელი შეყვარებულიც, რომელსაც ის უბრალოდ ვერ იტანს და რომლისგანაც პატარა შვილი ყავს. მოკლედ, ეგრევე ხვდები – მთავარ პერსონაჟს ეზიზღება რეალობა, რომელში ცხოვრება და რომლის ატანაც ძალით უწევს.

ელექტრა – მისი არსებობის მთავარი მიზანი და ერთადერთი მამოძრავებელი ძალა იყო…

ამ დროს იწყება ნოეს ცნობილი ფლეშბექები, რომელშიც რეჟისორი რევერსული თხრობის სტილს ინარჩუნებს: თავიდან ვხედავთ უკვე ზღვარზე მისულ, განშორების პირას მყოფ მერფისა და ელექტრას და ნელ-ნელა, უკუსვლით მივდივართ წარსულში, როდესაც ისინი პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. სიუჟეტის განვითარების ასეთ კონცეფციას, ერთი შესამჩნევი პლიუსი აქვს: მაყურებელი უკეთ ხედავს და გრძნობს, როგორ ინგრევა თანდათან ურთიერთობა და როგორ ქრება კავშირი ორ ადამიანს შორის.

თუმცა, იმის ნაცვლად რომ ბუნებრივი ემოციები ვითარების უფრო ღრმა ანალიზისთვის გამოიყენოს, გასპარ ნოეს ყველაფერი ფიზიოლოგიის ჭრილში გადაყავს და სიტუაციის ფსიქოლოგიურ სიღრმეს გვერდით დებს.  ფილმის ლამის ნახევარი, საკმაოდ ერთფეროვანი და რაღაც პერიოდის მერე უკვე მოსაწყენი ეროტიკული სცენებისგან შედგება. სექსუალობისა და ვნების ვითომ სპონტანური გამოხტომებიც კი ყალბი და არადამეჯერებელია და ოდნავადაც არ გაკვირვებს. სვინგერების კლუბში წასვლისა და ტრანსსექსუალთან ინტიმური კავშირის დამყარების მცდელობის გარდა, რეალურად, ,,განსხვავებული’’ ფილმში არც არაფერი ხდება.

რა ეროტიკულ ფანტაზიებზეა ლაპარაკი, როცა მთავარი პერსონაჟის შეყვარებულის, ელექტრას ყველაზე დიდი ოცნება “სამში სექსს” ვერ სცდება. გულის სიღრმეში საკმაოდ კონსერვატორი და თავშეკავებული მერფი კი ამ ფანტაზიის განხორციელებას მხოლოდ იმიტომ თანხმდება, რომ მესამე პიროვნება გოგოა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს ყველაფერი რეჟისორის ბოლომდე გახსნილობის რაღაც ერთგვარი გარეგანი დეკორაციაა, თუმცა ფილმის სიუჟეტი, გულწრფელად რომ ვთქვათ, საშინლად ბანალურია: საბოლოო ჯამში ყველაფერი ეგოისტურ წუწუნზე დადის, თუ რა საშინელებაა შეჩვეული კომფორტის ზონიდან გასვლა და საკუთარი თავისთვის სიამოვნების რეგულარული პორციების მოკლება.

როგორც ყოველთვის, ნოე აქაც საინტერესო კინემატოგრაფიულ ელემენტებს იყენებს, მაგალითად: მოგონებების ფრაგმენტულობა მუქი მონოტონური ,,ფეიდებით’’ გამოიკვეთება, რომლებიც განსაკუთრებული სტატიკის შეგრძნებას გიტოვებენ. თუმცა, რაღაც მომენტში მგონი თვითონ ნოე დაიღალა საკუთარი ფსევდო-ესთეტიკური ძიებებისგან და მთავარი პერსონაჟის პირით (რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, რეჟისორია) ახსნა, თუ რატომ იღებს საერთოდ ფილმებს და რისი თქმა უნდოდა ამ კონკრეტულით. ასევე ნათლად იკვეთება რეჟისორის ეგოცენტრიზმიც – ეროტიკულ სცენებში, მსხვილი პლანით (და მის გარეშეც) ხაზი პრინციპულად მამაკაცის გაპრიალებულ სასქესო ორგანოს აქვს გასმული, და არა ქალის გაუპარსავ საშოს. მთელი ისტორია მხოლოდ ერთი რაკურსიდან, მერფის მხრიდანაა ტრანსლირებული, უფრო ზუსტად კი – მისი სუბიექტური ემოციური ღელვის კუთხიდან. რამდენიმე ყალბი დიალოგის გამოკლებით, ფილმი არ განიხილავს სიყვარულს, როგორც რაღაც საერთოს,  ორმხრივად ემოციურს. გამოდის, სიყვარული, როგორც წყვილის ,,ერთობა’’, აქ არ არის. არის მხოლოდ მთავარი გმირის ფიზიოლოგიური ლტოლვა და ემოციურად დაცემა.

შეიძლება, სწორედ ამის გამოა მოკლებული მერფისა და ელექტრას სასიყვარულო ურთიერთობა ყველანაირ ქიმიას, თუ არ ჩავთვლით მექანიკურ მოქმედებებს, მიიყვანო პარტნიორი ორგაზმამდე.

საბოლოოდ, ,,სიყვარული’’ უსიყვარულო გამოდგა. ის აშკარად იაფფასიანი კონტროვერსიულობა კი, რომელიც მიუხედავად ყველაფრისა, ხანდახან თანამედროვე ხელოვნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამ შემთხვევაში ქვემოთ წევს ფილმის, როგორც მხატვრული ნაწარმოების ხარისხს და რეჟისორის წინსვლას მხოლოდ და მხოლოდ აფერხებს.

ლაშა მილორავა

იტვირთბა....