“თუ ნიკა მელიას გაუუქმებენ სადეპუტატო უფლებამოსილებას, ან დაიწყება პროცედურები და ეს ისევ სისულელეა ვამბობ, აგერ გვაქვს სხვა მექანიზმი ერთწუთიანი და დაიწყება პროცედურები, ეს იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილი აქვს ხელისუფლებას, რომ ნიკა მელია დააპატიმროს”, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა, რომან გოცირიძემ “რუსთავი 2”-ს განუცხადა.
მისივე თქმით, თუ ხელისუფლება ნიკა მელიას სადეპუტატაო უფლებამოსილებას გაუუქმებს, ოპოზიციის წევრები სხვადასხვა მექანიზმების დახმარებით, საჭირო პროცედურებს დაიწყებენ.
“თუმცა, ასევე ჰქონდა გადაწყვეტილი ბიძინა ივანიშვილზე და მერე ის გადაწყვეტილება ბოლო მომენტში შეცვალა. ნიკა მელიას ეს აქტი, არის პოლიტიკური დევნისა და ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ფორმა და ეს ბრძოლა გამოიღებს შედეგს. იჯდა აგერ ციხეში ოქრუაშვილი, გიგი უგულავა და საერთაშორისო ზეწოლით მოუწიათ უკან გამოშვება.
ნიკა მელიას, რომელიც მთავარი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეა, დაპატიმრება ეს არ არის უბრალოდ ვიღაცის ჭიის გახარება და ხუშტურის დაკმაყოფილება. ამას მოჰყვება სერიოზული ზიანი ქვეყნისათვის პირველ რიგში,” – აცხადებს რომან გოცირიძე.
“დღის კურიერის” წამყვანის კითხვას, ხომ არ ელოდება “ნაციონალური მოძრაობა” სწორედ მათი ლიდერის დაკავებას, რომ ამას შემდეგ ძალიან დიდი პოლიტიკური პროცესები მოჰყვეს, რომან გოცირიძე პასუხობს, რომ თუ მმართველი ასე ფიქრობს, შეუძლია ლამაზად დაიხიოს უკან. მისივე თქმით, თუ ხელისუფლება ნიკა მელიას დაკავებას შეეცდება, “ნაციონალური მოძრაობა” ოფისის პიკეტირებას მოახდენს და ხელისუფლებას ამის საშუალებას არ მისცემს.
“თუ ეჭვობენ და ასე ფიქრობენ, მაშინ ლამაზად დაიხიონ უკან და თქვან, რომ კარგი ახლა ნიკა მელიას გირაო შევუფარდეთ 30 000 ლარი, ახლა შევუფარდეთ 31 000 ლარზე კიდევ ვაძლევთ მომავალ 3 თვეს და შეუძლიათ დრო გაწერონ. გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, არ ღებულობს სასამართლო და არც ე.წ. პოლიტსაბჭო. მან, რა თქმა უნდა, არ უნდა გადაიხადოს გირაოს თანხა და ეს, საკუთარი ლიდერის ციხისთვის გაწირვა არ არის. ის ციხეში, რომც იყოს, დიდხანს ვერ დარჩება იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება არ იქნება დიდხანს.
არ არის ძალიან მარტივი ნიკა მელიას დაკავება. მოვიდეს აეროპორტის ოფისში, 9 ბალიან მიწისძვრას უძლებს ასე ვთქვათ, მოვახდენთ პიკეტირებას, რა თქმა უნდა. ნიკა მელიას დაკავება შეუძლიათ, თუ სახლთან კუთხეში დაიმალებიან და უცბად, ღამით ხელბორკილს დაადებენ, ისე, დღისით, მზისით, მისი დაპატიმრება არ იქნება მარტივი,” – განაცხადა რომან გოცირიძემ.