ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

,,გარდაიცვალა დიდი ქართველი მეცნიერი” – საპატრიარქო გამყრელიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს ავრცელებს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალური ქსელით სამძიმრის წერილს ავრცელებს.

საპატრიარქო აღნიშნულ წერილში ქართველი მეცნიერის, თამაზ გამყრელიძის გარდაცვალებას ეხმაურება და გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

,,გარდაიცვალა დიდი ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე.ბატონი თამაზ გამყრელიძის გარდაცვალება დიდი დანაკლისია არა მარტო ქართული, არამედ მთელი მსოფლიოს სამეცნიერო საზოგადოებისათვის.

იგი იყო საერთაშორისოდ აღიარებული ქართველი ენათმეცნიერი, საქართველოს ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, ბოლო პერიოდში კი – საპატიო პრეზიდენტი, მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი და დოქტორი, მრავალი საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციისა და საზოგადოების წევრი, ევროპის ლინგვისტთა ასოციაციის პრეზიდენტი, არაერთი სამეცნიერო ჯილდოსა და პრემიის მფლობელი.

მრავალწლიანი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის განმავლობაში ბატონმა თამაზ გამყრელიძემ აღზარდა ქართველ მეცნიერთა თაობები.

მეტად მნიშვნელოვანია მისი წვლილი ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში; ბატონი თამაზი გახლდათ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, 1991 წლის 9 აპრილს მას ხელი აქვს მოწერილი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე.

მწუხარებას გამოვთქვამთ ბატონი თამაზ გამყრელიძის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და სტუდენტებს.

უფალმა აცხონოს და სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული”, – აღნიშნულია სამძიმრის ტექსტში.

იტვირთბა....