ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

რატომ ცდილობს კალაძე “შაჰდენიზ 2”-თან “გაზპრომის” უპირატესობის დამტკიცებას?

რომან გოცირიძე ამბობს, რომ მიზეზი შეიძლება იყოს სამი – პოლიტიკური, ფინანსური, ან ორივე ერთად

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე მუდმივად ცდილობს  „გაზპრომის“ საკითხი დღის წესრიგიდან არ გავიდეს. კალაძე მუდმივად აკეთებს ისეთ განცხადებებს, რომელიც სტიმულს აძლევს საქართველოში „გაზპრომის“ შემოსვლის იდეის თაყვანისმცემლებს. დღესაც კალაძემ საკუთარი მძაფრი ინტერესი ამ მიმართულებით ჟურნალისტებთანაც დაადასტურა, როცა ჟურნალისტებთან ეჭვი გამოთქვა, რომ „შაჰდენიზ 2“-ის პროექტი დროულად ვერ დასრულდება და საქართველოში „გაზპრომის“ პერსპექტივა გარდაუვალია. „მეტრონომს“, „შაჰდენიზ 2“-თან დაკავშირებით, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე ესაუბრა.

„რატომ უნდა იყოს „გაზპრომი“ გარდაუვალი, როდესაც შეეძლოთ თადარიგი დაეჭირათ და ორი სამი თვით ადრე გაეკეთებინათ განაცხადი აზერბაიჯანის გაზთან დაკავშირებით. გაზი არ არის ფორთოხალი, ან მწვანილი, რომ მიხვიდე და ბაზარში იყიდო. გაზი აზერბაიჯანიდან მოპოვებული არის წინასწარ განაწილებული მყიდველებზე და უნდა ცოდნოდა საქართველოს მთავრობას, როდესაც აშენებდა გარდაბნის თბოელექტროსადგურს, რომ მას დასჭირდებოდა დაახლოებით 200-250 მილიონი კუბური მეტრი დამატებითი გაზი. სწორედ ამის თაობაზე უნდა ყოფილიყო აზერბაიჯანთან შეთანხმება მიღწეული. თუკი დღემდე არ ყოფილა შეფერხება აზერბაიჯანის მხრიდან და პირიქით ჩვენ გარდა იმისა, რომ „შაჰდენიზიდან“ ვღებულობთ გაზს, როგორც უფასოს ისე შეღავათიან ფასში. ამის გარდა, აზერბაიჯანი დამატებით 1 მლრდ. კუბამეტრ გაზს აწვდის საქართველოს, როგორც კომერციულ სტრუქტურებს, ისე მოსახლეობას.

ამიტომ საჭირო იყო აზერბაიჯანთან მუშაობა და სწორი პოლიტიკის აგება და არა ასეთი გაურკვეველი განცხადებების გაკეთება. ვგულისხმობ, ყაზახეთში გაკეთებული განცხადებებს, რომ შესაძლებელია შუა აზიიდან გაზი წამოვიდეს და შუა აზიიდან თუ გაზი წამოვა თურქმენეთიდან, თუ ყაზახეთიდან ისევ გაზპრომის მილებმა უნდა გამოიაროს და ფაქტობრივად, ბერკეტები ისევ რუსეთის ხელში იქნება“.

გოცირიძის თქმით, მთავრობას სურს ისე დასვას საკითხი თითქოს ვინმეს საქართველოში არ მოსწონდეს სომხეთისთვის ტრანზიტად მოწოდებულ გაზთან დაკავშირებული მოლაპარაკებები. არსებობს კონტრაქტი და საჭიროა ამ კონტრაქტის გაგრძელება ფარული შეხვედრების გარეშე. რაც მეტი გაზი გაივლის სომხეთ-რუსეთის დამაკავშირებელ გაზსადენში, ქვეყანა მეტ სარგებელს ნახავს, თუმცა, აქ მთავარია სომხეთის ფაქტორი, გაზრდის თუ არა გაზის მოხმარებას?

ეკონომიკური ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებას სურს „გაზპრომის“ გაზით მოამარაგოს კომერციული სტრუქტურები, თუმცა ამ კომერციულ დაწესებულებებში არ იგულისხმება ცალკეული საწარმოები, აქ საუბარია თბოელექტროსადგურებზე.

გოცირიძეს თქმით, მთავრობა ცდილობს რუსულ გაზზე დამოკიდებული გახადოს ქვეყანა. ეს სახიფათოა, რადგან  რუსეთი ყოველთვის დებს გრძელვადიან კონტრაქტებს  ენერგოდამოკიდებულების ხარისხი რომ გაზარდოს.

გოცირიძე სვამს კითხვას, რატომ იკლავს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ასე თავს „გაზპრომთან“ თანამშრომლობისთვის?

„მიზეზი შეიძლება იყოს სამი: ან  პოლიტიკური, ან ვიღაცის ფინანსური ან ორივე ერთად“ – აცხადებს გოცირიძე.

შეგახსენებთ, რომ „შაჰდენიზ  2“-ის მშენებლობა 2018 წელს უნდა დასრულდეს. ამ პროექტიდან საქართველო დიდ შეღავათს მიიღებს.

 

მარიამ ვარადაშვილი

იტვირთბა....