პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციას ყველაფერზე აქვს პრეტენზიები, მაგრამ ეზარებათ პარლამენტში მუშაობა, რომ შედეგს მიაღწიონ. ამის შესახებ ელისაშვილმა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებტან განაცადა.
როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია ბოიკოტს აცხადებს პარლამენტში მუშაობაზე და ამავდროულად „წყევლის“ ოპოზიციის მეორე ნაწილს, რომელიც საარჩევნო რეფორმაზე ხელისუფლებასთან შეთანხმებას ცდილობს.
პარტიის ლიდერის თქმით, საარჩევნო სისტემა, რომელზეც მუშაოვა უნდა დაიწყოს, ყველაზე სერიოზული მიღწევა ქვეყანაში და ამ სისტემით არჩევნების ჩატარება კითხვის ნიშნებს აღარ გააჩენს.
“თუ ეს კანონპროექტი მივიღეთ ისე, როგორც მემორანდუმშია ჩაწერილი, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ თამარ ჟვანია აღარ უნდა იყოს ცესკოს თავმჯდომარე. სამუშაო ჯგუფი იმისთვის იქმნება, რომ ამ სამი კვირის განმავლობაში ისეთი დეტალები გავწეროთ, რომ თამარ ჟვანია კიდევ ახალმა თამარ ჟვანიამ არ ჩაანაცვლოს. ოპოზიციის ნაწილს რატომ აქვთ ბოიკოტი გამოცხადებული და თან პრეტენზიები აქვთ – თუ ჩვენ პარლამენტში არ ვიქნებით, მაშინ ცესკოში, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში უნდა ვიყოთო. ეგ რა მაგარი ამბავია – მუშაობა ეზარებათ პარლამენტში და ყველა სიკეთე უნდათ, რაც კი არსებობს დედამიწაზე. არ ვიცი მე რას შვებიან. ერთადერთი, რითიც არიან დაკავებული – ჩვენ რომ რაღაცას ვაკეთებთ, მემორანდუმზე ვთანხმდებით, სამუშაო პროცესი მიდის, დგანან და გვწყევლიან. მერე მოვა თვითმმართველობის არჩევნები და გამართულ საარჩევნო სისტემაში მონაწილეობას მიიღებენ. როგორ არ შერცხვებათ, ძალიან მაინტერესებს“, – განაცხადა ელისაშვილმა.
რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნების შედეგების შესასწავლად დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, ელისაშვილი აცხადებს, რომ „მოქალაქეები“ კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ.
ცნობისთვის, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართება. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს 2021 წლის 1-ელ მარტამდე წარედგინება, ხოლო კანონპროექტი მიღებული იქნება არაუგვიანეს 2021 წლია 1-ელი მაისისა.

