“ფაქტია, რომ მაღალი ფასის მიუხედავად, ვაქცინის შემოტანა უმთავრესი პრიორიტეტი უნდა ყოფილიყო და უკვე უნდა დაწყებულიყო ეს პროცესი,” – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
ხაზარაძის განმარტებით, სახელმწიფოს ვაქცინაციის პარალელურად, ასევე აუცილებლად ნებადართული უნდა ჰქონდეს ვაქცინის კომერციულად შემოტანა, წინასწარ დათქმული პირობების შესაბამისად.
„მთავრობას დათვლილი აქვს, თუ რა დაჯდება მოსახლეობის სრული ვაქცინაცია და მეორეს მხრივ, რა გვიჯდება ეს ეგრეთ წოდებული „ლოკდაუნი“, ეკონომიკის გაჩერება? ფაქტია, რომ მაღალი ფასის მიუხედავად, ვაქცინის შემოტანა უმთავრესი პრიორიტეტი უნდა ყოფილიყო და უკვე უნდა დაწყებულიყო ეს პროცესი. მითუმეტეს, რომ მიღებული დახმარება და აღებული ვალები ბევრად აღემატება იმ თანხას, რისი გადახდაც სრული ვაქცინაციისთვის არის საჭირო. ამით უფრო სწრაფად ავამუშავებდით ეკონომიკას, შევაჩერებდით ბიზნესების გაკოტრებას, ადამიანების უმუშევრად დატოვებას. გაცილებით სწრაფად გავხსნიდით ქვეყანას ტურიზმისა და ინვესტორებისთვის. ასევე, ვფიქრობ, სახელმწიფო ვაქცინაციის პარალელურად, აუცილებლად ნებადართული უნდა იყოს ვაქცინის კომერციულად შემოტანა წინასწარ დათქმული პირობების შესაბამისად, ეს მოსახლეობის ვაქცინაციის ტემპს მნიშვნელოვნად დააჩქარებდა. სამწუხაროა, რომ ისევე, როგორც ბევრ სხვა საქმეში, საქართველოს მთავრობა ამ შემთხვევაშიც მაჩანჩალაა“, – განაცხადა ხაზარაძემ.