ახალი ამბები მთავარი სამართალი

“15 წლის შემდეგ დუმილს არღვევს დედა, რომლის შვილს ქვები გამოაბეს და პალიასტომის ტბაში ჩაახრჩეს” – რა მოხდა ფოთში

4 თებერვალს ფოთში, მომსახურების სააგენტოს მიმდებარე ტერიტორიაზე 45 წლის გურამ ახალაიას მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ შალვა (ბაჩანა) შალიკაშვილს ბრალს დღეს წარუდგენენ.

შალვა შალიკაშვილის ძმის, გია შალიკაშვილის ცხედარი ზუსტად 15 წლის წინ, 2006 წლის 5 თებერვალს, პალიასტომის ტბაში სამთვიანი ძებნის შემდეგ იპოვა.

გია შალიკაშვილის დედის, მაგული ტყებუჩავას თქმით, შვილის ცხედარს სხეულზე ქვები ჰქონდა მიბმული. ოჯახი მაშინ ხელს გურამ ახალაიას ადებდა და მისივე თქმით, ამ ფაქტის ერთადერთი მოწმე იყო მისი მეორე შვილი – შალვა შალიკაშვილი, რომელიც გუშინ შურისძიების მოტივით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააპატიმრეს.

„რა საქმეზე იყო მაშინ შეკამათება მე არ ვიცი, ამ საქმის მოწმე იყო ჩემი შვილი შალვა. სწორედ გურამ ახალაიამ გაიყვანა იმ დღეს გია (შალიკაშვილი) სახლიდან და მერე სამთვიანი ძებნის შემდეგ ვიპოვეთ ტბაში შვილის ცხედარი”, – განაცხადა მან “პრაიმტაიმთან”.

კითხვაზე, თუ რატომ არ იქნა ეს საქმე გამოძიებული 2006 წლის შემდეგ, მაგული ტყებუჩავა პასუხობს:

„გურამ ახალაიას მფარველობდნენ…. მათ (ახალაიებს) ახლობლობა აკავშირებდათ ერთმანეთთან, ოღონდ რა ახლობლობა არ ვიცი.

მაშინ, საოლქო პროკურორი იყო როლანდ ახალაია. მე ვიცი,რომ გურამ ახალაიას დედა იყო მისული როლანდ ახალაიასთან.

მე ჩემი შვილის (გია შალიკაშვილის) საქმეზე ვიყავი მაშინდელ შს მინისტრ ვანო მერაბიშვილთან, ასევე, იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან და ვთხოვდი საქმის უსწრაფეს გამოძიებას. თუმცა, ეს საქმე მაშინ არ გამოიძიეს და თაროზე შემოდეს.

გურამ ახალაიამ, რომელმაც ამ ამბის მერე საქართველო დატოვა და ევროპაში წავიდა საცხოვრებლად, სულ ცდილობდა ჩემი შვილის, შალვა შალიკაშვილის მოშორებას, რადგან ის იყო ერთადერთი მოწმე ამ საქმის“, – ამბობს მაგული ტყებუჩავა “პრაიმტაიმთან”.

4 თებერვალს მოკლული გურამ ახალაიას ოჯახი ამ საქმესთან დაკავშირებით მოკლე კომენტარს აკეთებს მედიასთან.

მისი მეუღლის თქმით, ამ საქმესთან დაკავშირებით მისი ქმარი ეჭვმიტანილი იყო, თუმცა რეალურად შემხებლობა არ ჰქონია.

„არაფერი არ ვიცი…. დამნაშავის ძმის მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი, მაგრამ მაგასთან არავითარი შეხება არ ჰქონია. ჩემი მეუღლე წლებია, რაც ევროპაში იმყოფებოდა და რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა საქართველოში. არანაირი დავა არ ყოფილა“, – განაცხადა მოკლული ახალაიას მეუღლემ ჟურნალისტებთან.

წყარო: “პრაიმტაიმი”

იტვირთბა....