“შინდისის გმირების“ იდეისა და პროექტის ავტორი, ედმონდ მინაშვილი „ღამის კურიერის“ ეთერში მხატვრული ფილმის იდეის გაჩენის შესახებ საუბრობს.
როგორც ფილმის იდეის ავტორი ამბობს, მომხდარის ადგილზე თავად ჩავიდა და ადგილობრივებისგან და გარდაცვლილების ოჯახის წევრებისგან მაქსიმალური ინფორმაცია შეაგროვა, რომელიც შემდეგ უკვე მხატვრულ ფილმად იქცა.
“მომინდა იმის თქმა, რომ შენს სახელს და ამ ბიჭების სახელს გავაგებინებ სრულიად საქართველოს. პირველი ჩავედი შინდისში, რამდენიმე დღის მომხდარიყო იყო ეს ფაქტი, გავიცანი ბადრი ხუციშვილი, “ახმეტა” ( ადამიანი, რომელმაც დაჭრილ ჯარისკაცებს მკურნალობდა ) და პირველი “ახმეტას” მოვაყოლე ეს ისტორია, თუ რა მოხდა და რა ნახა. აბსოლუტურად ზღვა მასალები იყო, ახლა არ არის შინდისში რომ ჩახვალთ ისეთი აურა, იქ მე ჩემი თვალით მაქვს ნანახი ჯერ კიდევ გამშრალი სისხლი არ იყო მიწაზე და ზღვა ტყვიები ირგვლივ მიმოფანტული. ახმეტასგან მოვისმინე ჯერ ეს ინფორმაცია და მაშინვე დაიწერა პროექტი. მხატვრული ფილმისთვის უნდა მომზადებულიყო დოკუმენტური ფილმი და შეგვეგროვებინა მასალები და ასევ, ახმეტამ მითხრა, რომ ძალიან დიდი სურვილი გვაქვს სოფელს, რომ ამ ადგილას ტაძარი აეგოსო, სადაც ეს ფაქტი მოხდაო და ესეც ჩამრჩა რატომღაც გულში და ესეც შევიტანე პროექტში. მე და ჩემი მეგობრები, 7-8 კაცი წავედით და ფაქტობრივად, ყველა გარდაცვლილის ოჯახში მივედით და მაქსიმალურ ინფორმაციას ვაგროვებდით.
ჩვენი მთავარი წყარო იყო სოფლის მოსახლეობა, სასულიერო პირები, რომლებმაც მოახდინეს 16 აგვისტოს ცხედრების გადმოსვენება და დაჭრილები, რომლებიც ახმეტამ გადაარჩინა, ახმეტამ გამოიყვანა ბრძოლის ველიდან,” – ყვება ედმონდ მინაშვილი.
იდეისა და პროექტის ავტორი ამბობს, რომ სწორედ დოკუმენტური მასალის საშუალებით გაიგო საზოგადოებამ გმირი ჯარისკაცების შესახებ.
“გავაკეთეთ ორი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი, რის საშუალებითაც, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ შინდისის შესახებ ამ დოკუმენტური ფილმების წყალობით გაიგო საზოგადოებამ. შემდეგ, ამ ფაქტებზე დაფუძნებით დავწერეთ მხატვრული ფილმი,“ – განაცხადა ედმონდ მინაშვილმა. რომლის თქმითაც, ფილმი რეალურ მოტივებსა და მოვლენებზეა დაფუძნებული და მისი 70% აბსოლუტურად რეალურია.