“ქართული ოცნების” წევრის, ლადო კახაძის განცხადებით, შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ სერიოზული ღონისძიებები არის გატარებული, რითაც ნამდვილად ამოსუნთქებს ბიზნესი.
როგორც კახაძე აღნიშნავს, შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, მეტი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა მართებს მოქალაქეებს, რომ რეკომენდაციები და რეგულაციებიც ზედმიწევნით დაიცვან.
ამასთან, კახაზ ამბობს, რომ შესაძლოა ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვაც შემსუბუქდეს და ე.წ. კომენდანტის საათი ერთი საათით შემცირდეს.
“საუბარი მიდის, რომ ყველაზე ბოლოს კომენდანტის საათი მოიხსნას, ალბათ, აპრილის ბოლომდე იარსებებს ეს შეზღუდვა, მაგრამ არ გამოვრიცხავ, მისი ხანგძლივობა შემსუბუქდეს და თუნდაც 1 საათით შემცირდეს. ვნახოთ, კვლავ ეპიდემიაზე ვართ დამოკიდებული, წინ კი რთული და ხანგძლივი პერიოდი გველის, რომ ვირუსით გამოწვეულ პრობლემას თავი გავართვათ. მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, მეტი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა მართებს მოქალაქეებს, რომ რეკომენდაციები და რეგულაციებიც ზედმიწევნით დაიცვან“, – განუცხადა ,,რეზონანსს“ ლადო კახაძემ.
მისივე თქმით, შეზღუდვების შემსუბუქებაზე მთავრობამ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს წევრებისა და ექიმების ერთობლივი განხილვის საფუძველზე მიიღო.
ცნობისთვის, მთავრობამ შეზღუდვების დაგეგმილზე ადრე მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. 8 თებერვლიდან ტრანსპორტი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიხსნება. 8 თებერვლიდან ფუნქციონირებას ბაზრობებიც დაიწყებენ. სწავლა სასწავლო ოთახებიდან კი 15 თებერვლიდან განახლდება. ასევე, 15 თებერვლიდან კვების ობიექტები და რესტორნები ღია სივრცეში განაახლებენ ფუნქციონირებას, თუმცა შეზღუდვები შენარჩუნდება შაბათ-კვირას.