“ხალხი ბრაზდება, მაგრამ მოგიწოდებთ, რომ ჩვენ კიდევ ერთი წელი ან ცოტა მეტი პირბადის ტარება დაგვჭირდება,” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, რისკები ყველა შემსუბუქების დროს არსებობს. გამყრელიძის განმარტებით, მოსახლეობამ არ უნდა შეიქმნას ილუზია, რომ კორონავირუსი დამარცხებულია. ამირან გამყრელიძის განცხადებით, მოქალაქეებმა უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე და არსებული წესები დაიცვან.
„თავიდანვე იყო გაცხადებული, რომ ქვეყანა ჩაკეტილი ვერ იქნება, რომ ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციას და ეპიდსიტუაციის კონტროლის მიხედვით, თანდათან იყოს შემსუბუქებები. გარკვეული შემსუბუქება იყო საახალწლოდ, შემდეგ ისევ გამკაცრდა. შემდეგ იანვარში ვაკვირდებოდით მდგომარეობას და პირველი თებერვლიდან გარკვეული შემსუბუქებები განხორციელდა. ეპიდსიტუაცია მიდის დამშვიდებისკენ და თანდათანობით შემსუბუქებები მიმდინარეობს.
რამდენიმე ინდიკატორი – 14 დღე ინციდენტობა, ერთი თვის განმავლობაში სიკვდილიანობა და დადებითობის მაჩვენებელი დღეს გვეუბნება, რომ შესაძლებელია, გარკვეული შემსუბუქებისკენ გადაიდგას ნაბიჯები. ამიტომ მთავრობის მიერ დღეს გამოცხადდა ახალი გადაწყვეტილებები. რისკები ყველა შემსუბუქების დროს არის, თუ ჩვენ არ გავითვალისწინებთ და ისევ შევიქმნით ილუზიას, რომ კორონავირუსი დავამარცხეთ.
უნდა ვიყოთ ფრთხილად, ყველამ ვატაროთ პირბადე. ხალხი ბრაზდება, მაგრამ მოგიწოდებთ, რომ ჩვენ კიდევ ერთი წელი ან ცოტა მეტი პირბადის ტარება დაგვჭირდება. მესმის, გარკვეული უხერხულობა არის, მაგრამ ვიდრე მოსახლეობის 70 პროცენტი არ აიცრება, ვიდრე არ დამტკიცდება რომელიმე ძალიან ეფექტური წამალი, პირბადე, ხელების დაბანა, დისტანცია და სხვა აუცილებელი იქნება. რამდენადაც ნაწყენი არ უნდა დარჩეთ ჩემზე, ამას უნდა შევეგუოთ, მე მოვალე ვარ, მოსახლეობას სიმართლე ვუთხრა“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, 8 თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს, თუმცა შაბათ-კვირას შეზღუდვა ძალაში დარჩება.