პრემიერი უშიშროების საბჭოს სხდომას არ დაესწრება
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ დაესწრება. ამის მიზეზი უცნობია. შეტყობინება უშიშროების საბჭოს ყველა მუდმივ წევრს ეგზავნება, თუმცა, არანაირი პროცედურა არ ითვალისწინებს მათი მხრიდან დადასტურებას, დაესწრებიან თუ არა სხდომას.
“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, პრემიერის კუკუდამალობანა ემსახურება სახელმწიფო ინსტიტუტების ძირის გამოთხრას.
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობას მიიღებს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი. მისი თქმით, პრემიერი მივა თუ არა უშიშროების საბჭოს სხდომაზე, თავად ღარიბაშვილის გადასაწყვეტია.
სხდომის განსახილველი თემაა არსებული და გაზრდილი რისკებიდან გამომდინარე თავდაცვის ორგანიზებასთან დაკავშირებული ღონისძიებები. განიხილება ერთობლივი მუშაობის შედეგად გამოვლენილი საფრთხეების საპასუხო ქმედებები და თავდაცვის ორგანიზების სფეროში დაგეგმილი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად სხდომას ვერ დაესწრებიან საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე – არც ერთი მათგანი თბილისში არ იმყოფება.
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს, 16:00 საათზე გაიმართება.