ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“შერჩეულია 10 საავადმყოფო სადაც განხორციელდება აცრები” – ამირან გამყრელიძე

“ქვეყნის მასშტაბით შერჩეულია 10 საავადმყოფო, სადაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარდება.” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინა ორჯერ კეთდება და პირველ ეტაპზე ის ეყოფა დაახლოებით 14 000 ადამიანს და ჩვენი იმუნიზაციის გეგმის მიხედვით ყველაზე მაღალი პრიორიტეტის ჯგუფი, ვინც პირველ ეტაპზე უნდა აიცრას გახლავთ მედიცინის მუშაკები,

,,სამინისტროს მიერ შერჩეულია, დაახლოებით, 10-მდე საავადმყოფო და კიდევ 5 სარეზერვო საავადმყოფო თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, სადაც მოხდება აცრები, დაახლოებით, 40 ბრიგადის მიერ. თითოეული ბრიგადა შედგება 3 ადამიანისგან – ამცრელი, ექიმი, ვინც ეკითხება პიროვნებას, სპეციალურად შემუშავებული კითხვარით და ასევე, რეგისტრატორი, ვისაც იმუნიზაციის ელექტრონულ მოდულში შეაქვს შემდგომ პიროვნების მონაცემები.

თითოეული ბრიგადისთვის გათვლილია, რომ უნდა აიცრას 40-42 ადამიანი, შესაბამისად, დღის განმავლობაში, ვფიქრობთ, რომ აიცრება 1 000-მდე ადამიანი ამ 40 ბრიგადის მიერ და ამ 14 000 ადამიანის აცრას, 1 აცრას, დაახლოებით დასჭირდება 2 კვირა.

3 კვირის შემდეგ, კიდევ, თითოეული ადამიანი დაბარებული იქნება – როგორც შეხსენება მიუვა SMS-ით, ასევე მიეცემა სპეციალური ფორმა, რომ 3 კვირის შემდეგ ისევ უნდა მოვიდეს და ვაქცინის მე-2 დოზა გაიკეთოს.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ კოვიდის საწინააღმდეგო აცრები საქართველოში უკვე თებერვალში დაიწყება.

გაგრძელდება, პირველ რიგში, ისევ პრიორიტეტული პირველი ჯგუფის – სამედიცინო პერსონალის აცრა, შემდეგ ამას უკვე მოჰყვება მოხუცთა სახლების ბინადრები და მათი მომვლელი პერსონალი და შემდეგ უკვე ასაკობრივი გრადაციაა – 75 წელს ზემოთ, 65 წელს ზემოთ მოსახლეობა, შემდეგ 55 წელს ზემოთ მოსახლეობა და ა.შ.“ – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

იტვირთბა....