ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ქართულმა ოცნებამ შანტაჟის ენით საუბარი დაასრულა, ახლა ოპოზიცია პასუხისმგებლობით უნდა მოიქცეს”- ალეკო ელისაშვილი

“მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე არშეწყვეტაზე “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ეხმიანება.

როგორც ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, კარგია, რომ “ქართულმა ოცნებამ” შანტაჟის ენით საუბარი დაასრულა, ახლა ოპოზიცია პასუხისმგებლობით უნდა მოიქცეს.

მისივე შეფასებით, “ ქართული ოცნების” გადაწყვეტილება, პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერ 51 დეპუტატს მანდატები ვადამდე ადრე არ შეუწყვიტონ, სწორი გადაწყვეტილებაა.

“პარლამენტში მე არავის არ ველოდები, მილიონი საქმე მაქვს აქ. ხალხის სამსახურში ვარ და ხალხს უნდა ვემსახურო, დანარჩენი ველოდები, ახლა მასპინძელი არ ვარ, რომ სტუმრები მივიღო.

კარგი გადაწყვეტილებაა, სწორი გადაწყვეტილებაა, მართებული გადაწყვეტილებაა, აქამდე, როგორც ლაპარაკობდა “ქართული ოცნება” ის არ მომწონდა იმიტომ, რომ ეს არის შანტაჟი, რომ შეგიწყვეტთ მანდატებს, ასე ვიზამ ისე ვიზამ. ჩვენ და “ქართული ოცნება” შევთანხმდით მემორანდუმზე და ეს მემორანდუმი გულისხმობს იმას, რომ საქართველოში არჩევნები აღარ უნდა გაყალბდეს და ამის სისტემა უნდა შეიქმნას, რომ მომავალი არჩევნები, რომელიც იქნება, პატიოსნად უნდა ჩატარდეს. ეს მანდატების გაუქმება დახურავდა ამ ყველაფერს. კარგია, რომ “ქართულმა ოცნებამ” შანტაჟის ენით საუბარი დაასრულა, ახლა ოპოზიცია პასუხისმგებლობით უნდა მოიქცეს”, – განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელეს. მმართველმა გუნდმა 51 ოპოზიციონერ დეპუტატს უფლებამოსილება არ შეუწყვიტა და ოპოზიციურ სპექტრს პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა.

იტვირთბა....