უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, აქვთ ინფორმაცია, რომ დამატებით 20-მდე ოპოზიციონერ დეპუტატს სურს პარლამენტში შემოსვლა სურს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნულით განმარტა, რატომ შეიკავა თავი “ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციონერებისთვის მანტადების გაუქმებისგან.
კობახიძე ხაზს უსვამს, რომ მმართველი გუნდის დღევანდელი გადაწყვეტილებით ოპოზიცის მიმართ დამოკიდებულება არ იცვლება.
„ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება არ ნიშნავს ჩვენი და ჩვენი მხარდამჭერების დამოკიდებულების ცვლილებას რადიკალური ოპოზიციის მიმართ. ჩვენი პოზიცია უცვლელია იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მონაწილეობა საპარლამენტო და პოლიტიკურ პროცესებში ასრულებს თვისებრივად უარყოფით და კონტრპროდუქტიულ როლს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. ზემოთ ჩამოთვლილ მოსაზრებებზე დაყრდნობით, ჩვენ მათთვის დღეს საპარლამენტო მანდატების შეწყვეტისგან შევიკავებთ თავს. „ქართულ ოცნებას“ აქვს მანევრირების ძალიან დიდი რესურსი. მაშინ, როდესაც რადიკალურ ოპოზიციას აქვს მხოლოდ ორი არჩევანი : პარლამენტში შესვლა ან არშესვლა. გვესმის, რომ ორივე არჩევანი მათთვის რთული და პრობლემურია, თუმცა შეგახსენებთ, რომ ამ მდგომარეობაში მათ თავისივე არასწორი ქმედებებით ჩაიყენეს თავი.
გვაქვს ინფორმაცია, რომ დამატებით 20-მდე ოპოზიციონერ დეპუტატს სურს პარლამენტში შემოსვლა, თუმცა შანტაჟისა და ბულინგის გამო ვერ ახერხებენ დღემდე ამ ნაბიჯის გადადგმას,“, -განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების საკითხზე იმსჯელეს. მმართველმა გუნდმა 51 ოპოზიციონერ დეპუტატს უფლებამოსილება არ შეუწყვიტა და ოპოზიციურ სპექტრს პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა.