პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი კიდევ ერთხელ განმარტავს, რატომ გადაწყვიტა პარლამენტში შესვლა.
ელისაშვილის განცხადებით, საარჩევნო რეფორმაზე შემდგარი შეთანხმება იძლევა საფუძველს, “მოქალაქეები” პარლამენტში იყვნენ წარმოდგენილი და ხალხისთვის იმუშავონ.
“ჩვენ აქ შემოვედით იმისთვის, მემორანდუმი რაზეც გავაფორმეთ – ელექტრონული არჩევნები იყოს, თითის ანაბეჭდი იყოს, შტრიხკოდიანი საარჩევნო ბიულეტენი, ეს გავიტანოთ. „ქართულ ოცნებასთან“ შევთანხმდით, რომ პირველ მარტამდე ამის ინიცირება მოხდეს და პირველ მაისამდე დამტკიცება. ამისთვის ვართ, რომ ჩავაბაროთ წარსულს არჩევნების გაყალბება, როგორც ასეთი და ამიერიდან ყოველ ჯერზე ვენდობოდეთ არჩევნებს. ჩვენ ამისთვის ვართ შემოსული, ხალხზე რომ ვიდარდოთ, ხალხზე ვიფიქროთ და ხალხის სათქმელი ვთქვათ აქ. ამისთვის არის ეს კეთილმოწყობილი და გადაბრდღვიალებული შენობა, რომ ხალხის ხმა ისმოდეს და ხალხის პრობლემები ისმოდეს. ოპოზიცია ხომ ყველას ეუბნებოდა, რომ თქვენი ხმა ვიქნები პარლამენტში?!- გამოვიდნენ თავისი სიტყვების მძევლობიდან, ყველა არის გაჭედილი თავის სიტყვებში და პოზიციებში – მოეშვან! იმედი მაქვს, მანდატებს არ გაუუქმებს „ქართული ოცნება“, შემოვიდნენ და ერთად ხალხზე ვიფიქროთ“,- განაცხადა ელისაშვილმა.
ალეკო ელისაშვილი ოპოზიციას ურჩევს, თავიანთი სიტყვების მძევლობიდან გამოვიდნენ და პარლამენტში მუშაობა დაიწყონ.
ცნობისთვის, პარტია “მოქალაქეების” წევრები, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში მუშაობას დღეიდან დაიწყებენ.