თბილისის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დრიექტორი, თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს, სადაც მან ისაუბრა იმ საშუალებებზე, რომლის მეშვეობითაც საქართველოს აქვს შანსი, შეინარჩუნოს კოვიდდადებითი პაციენტების სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი. მისივე თქმით, სამედიცინო დაწესებულებებისადმი დროულად მიმართვიანობის შემთხვევაში, პაციენტის გადარჩენის საშუალება საკმაოდ მაღალია.
“COVID-19 აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი დაავადებაა, ის შეიძლება მსუბუქად გადაიტანონ ხანდაზმულმა და თანხმლები დაავადების მქონე პირებმა, მაგრამ შეიძლება მძიმედ და ზოგჯერ ფატალურად განვითარდეს ახალგაზრდა ასაკშიც და იმ პირებშიც, ვისაც არ აქვს თანმხლები დაავადებები.
საქართველოში შექმნილია და მოქმედებს ერთ-ერთი საუკეთესო COVID-19-ის საწინააღმდეგო სამსახური კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურით. გარანტირებულია უკლებლივ ყველა პაციენტის შეუფერხებელი სამედიცინო მომსახურება და მკურნალობა საერთაშორისო სტანდარტებით. ჩვენ შევიძინეთ უდიდესი გამოცდილება. ქვეყანაში დანერგილია, როგორც უმაღლესი დონის ე.წ. სტანდარტული მკურნალობა, ისე მკურნალობის ინოვაციური მიდგომები – რემდესივირი, კონვალესცენტების პლაზმა, ტოცილიზუმაბი, პლაზმაფერეზი, სისხლის ექსტრაკორპორალური გაწმენდა სპეციალური ფილტრების და სორბენტების საშუალებით და სხვ. პაციენტების მკურნალობა ხდება ინდივიდუალური მიდგომით მულტიდისციპლინური გუნდის მონაწილეობით.
შესაბამისად, COVID-19-ის კლინიკურ სექტორს აქვს შესაძლებლობა, დროულად მიმართვის შემთხვევაში (განსაკუთრებით დაავადების დაწყებიდან 1-7 დღის მანძილზე) გადაარჩინონ პაციენტების აბსოლუტური უმრავლესობა და მინიმუმამდე დაიყვანოს გარდაცვალების შემთხვევები”, – ნათქვამია ცერცვაძის წერილში.