პარტია „სამართლიანობისთვის” ლიდერი, ეკა ბესელია ღია წერილს აქვეყნებს და ივერი მელაშვილს მიმართავს. ბესელია ითხოვს ივერი მელაშვილისაგან, განმარტოს რას გულისხმობდა სიტყვებში, რომ “გარეჯი საქართველოს არ არის.” ამის შესახებ პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს.
“მეტრონომი” ეკა ბესელიას წერილს უცვლელად გთავაზობთ:
„საჭიროდ ჩავთვალე მოგმართოთ ღია წერილით.
მინდა ამით ჩემი შინაგანი ემოცია და იმ ადამიანების განწყობა გამოვხატო, ვის აზრსაც პატივს ვცემ და ვინც გულწრფელად ღელავს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის გამო.
მე, ეკა ბესელია, ნებისმიერი ადამიანის თავისუფლებისთვის ბრძოლას, თუ ის უსამართლოდ იჩაგრება, ჩემი ცხოვრების პრინციპად მივიჩნევ. არასდროს შემშინებია ღია პოზიცია მქონოდა იქ, სადაც უსამართლობას ვხედავდი.
ნებისმიერი პიროვნების, მისი სახელის, გვარის, თანამდებობის თუ რეგალიის მიუხედავად, უსამართლო ქმედება ჩემთვის ყოველთვის მიუღებელია. სამწუხაროდ, თავისუფალი სასამართლოს არ არსებობის პირობებში, დღეს შესაძლებელია ნებისმიერი და მათ შორის ყველაზე მგრძნობიარე თემების პოლიტიზირება.
სწორედ, ამ პრინციპის დაცვით მივესალმე თქვენი და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლებას. მეც ვიყავი იმ დარბაზში, სადაც თქვენ საპატიმროდან გამოსულს გულწრფელად მოგილოცეს თავისუფლება.
მე არ მესმოდა თქვენი სიტყვები (ხმადაბლა საუბრობდით ) მოგვიანებით ვნახე ჩანაწერი და ფრაზა, რომელმაც ბევრს ახალი პოლიტიკური სცენარის მუზა გაუხსნა, ბევრი ფსევდო პატრიოტი, დავით გარეჯი ნანახიც რომ არა აქვთ, მორალს გვიკითხავს ჩვენ, მათ ვინც იქ წლების წინ ვიდექით მაშინ, როდესაც თვითონ ჩირგვებში იმალებოდნენ. ბევრი კი გულწრფელად აღაშფოთა.
თქვენი სტუდიაში საუბრის ბოლო ფრაზა მოგვიანებით რამდენჯერმე მოვისმინე, ნამდვილად არ ამბობთ ,,დავით გარეჯი არ არის საქართველო”, თუმცა თქვენს მიერ წარმოთქმული სიტყვები იძლევა ფართო და საკმაოდ სახიფათო ინტერპრეტაციის საშუალებას.
ამიტომ მოგმართავთ ან მკაფიოდ განმარტეთ თავად, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი არის საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობის ნაწილი, ან თუ ასე არ ფიქრობთ – მე თქვენს პოზიციას არასოდეს მივიღებ.
არც თქვენს და არც არავის – ვინც არ უნდა ამბობდეს ამას!”, – წერს ეკა ბესელია.
ცნობისათვის, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. მოსამართლე ლელა კალიჩენკომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა. ამასთან, სასამართლომ ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენების შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
,