პარტია „მოქალაქეების“, წევრის ლევან იოსელიანის განცხადებით, ხელისუფლებასთან საარჩევნო სისტემის რეფორმაზე შეთანხმება შედგა, რაც მოლაპარაკებების უმნიშვნელოვანესი ნაწილი იყო.
როგორც იოსელიანმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, მათ იმიტომ დაიწყეს ხელისუფლებასთან დამოუკიდებლად შეხვედრები, რომ ოპოზიციასთან ზოგიერთ საკითხზე შეთანხმება ვერ შედგა.
იოსელიანმა პოლიტიკოსებს მოუწოდა, ხელისუფლებასთან კომუნიკაცია გააგრძელონ, რადგან მისი თქმით, შესაძლებელია მოლაპარაკებების ფარგლებში საკითხები გადაიჭრას.
„სხვა პარტიებს რაც შეეხება, ჩვენ დამოუკიდებლად დავიწყეთ შეხვედრები იმიტომ, რომ მათთან საბოლოოდ რიგ საკითხებზე შეთანხმება ვერ შევძელით. უბრალოდ, ყველას მოვუწოდებ, რომ გააგრძელონ კომუნიკაცია იმიტომ, რომ შესაძლებელია მოლაპარაკებების ფარგლებში გადაიჭრას საკითხები,”- აცხადებს იოსელიანი.
ამასთან, ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ დღეს ხელისუფლებამ „მთავარი არხის“ ერთ-ერთ მეწილე, გიორგი რურუაზე საუბარი საერთოდ არ ისურვა.
“გიორგი რურუაზე და სხვა პოლიტპატიმრებზე არასდროს ძალ-ღონე არ დაგვიკლია. დღეს ამ საკითხზე საუბარზე საერთოდ უარი განაცხადეს. დღეს ხელში გვიჭირავს საარჩევნო სისტემის რეფორმა, 4 ადამიანი არის გარეთ, ეს ყველაფერი არის მოლაპარაკების და იმის დამსახურება, რომ ჩვენ ეს მოლაპარაკებები გავაგრძელეთ“,-განაცხადა იოსელიანმა.
ცნობისთვის, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი და პარტიის წევრი ლევან იოსელიანი პარლამენტში მივიდნენ, სადაც მმართველ გუნდთან მორიგი მოლაპარაკებები გაიმართა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ “მოქალაქეებმა” პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს. ხელისუფლებასთან საარჩევნო სისტემის რეფორმაზე შეთანხმება შედგა, რაც შეეხება პოლიტპატიმრების საკითხს, მმართველმა გუნდმა მისი განხილვა არ დაუშვა.