მეტრონომი რეკომენდაციებისთვის სპეციალისტებს დაუკავშირდა
ბოლო პერიოდში ქართულ ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ Wi Fi-ს გამოყენება სახიფათოა ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით მოზარდებისთვის და გამოსხივებისგან თავდასაცავად ინტერნეტ წყაროები სხვადასხვა რჩევას გავძლევენ. მათ შორის:
არასდროს ვისარგებლოთ Wi Fi-თ, თუ მას არ აქვს კარგი სიხშირე, რადგან ერთი და იმავე ვიდეოს რამდენჯერმე გამეორების შედეგად ჯანმრთელობისთვის საზიანო რადიაციული ველი უფრო მეტად იზრდება;
აუცილებლად გამოვრთოთ დენის წყაროდან Wi Fi-ს მოწყობილობა, როცა ინტერნეტით აღარ ვსარგებლობთ და ა.შ.
“მეტრონომი” დაინტერესდა, თუ რამდენად რეალურია Wi Fi -სგან მომდინარე საფრთხე. ჩვენ დავუკავშირდით ონკოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელს, სკრინინგ ცენტრის უფროსს რემა ღვამიჩავას.
“მეტრონომი”: ბატონო რემა , ბოლო პერიოდში გავრცელებული აჟიოტაჟიWi Fi -ის შესახებ, რომ ის მავნებელია ჯანმრთელობისთვის, რამდენად შეესაბამება სიმართლეს?
რემა ღვამიჩავა: ჩემს მოსაზრებას გაგაცნობთ, რომელიც როგორც ქართული, ასევე უცხოური წყაროებიდან მაქვს. რამე სარწმუნო ინფორმაცია, რომელიც ამტკიცებს მოდემის აშკარა მავნებლობას, მე არ მაქვს. თუ ჩვენ ვსაუბრობთ უკაბელო მოწყობილობაზე, კომპიუტერზე ან მობილურზე, ფაქტია, რომ ამაზე უარს კაცობრიობა ვეღარ იტყვის. მითუმეტეს, რომ სარწმუნო ინფორმაცია, რომელიც ამტკიცებს რომ ისინი სიმსივნური დაავადებების აშკარა მიზეზები არიან, არ არსებობს.
– ამბობენ, რომ მოდემის გამოსხივება სახიფათოა…
– გამოსხივება ზოგადი მცნებაა. გააჩნია რა სიხშირის ტალღებია. ზოგადად ლაპარაკია იმაზე, რომ სასურველი არ არის მათ ძალიან ახლო მდგომარეობაში მუდმივად ყოფნა. გეხსომებათ, მობილურზეც დიდი ამბავი იყო ატეხილი. ბევრი კომპანია ახალ ტელეფონს რომ უშვებს, ამატებს, რომ მინიმალურ დონეზე აქვს მას გამოსხივება. იყო ინფორმაცია რომ მობილური თავის სიმსივნეს იწვევდა. ეს ყველაფერი ქაოტური იყო და არა – დაფუძნებული სარწმუნო სამეცნიერო ინსტიტუციაზე.
ამის შემდეგ ჩვენ დავუკავშირით ნევროლოგ გოგიტა გეგელაშვილს.
გეგელაშვილი: Wi fi-ს მავნებლობის შესახებ რამე ზუსტი მტკიცებულება არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში მე ხელი არ მიმიწვდება არცერთზე. მეცნიერული მტკიცებულება არ წამიკითხავს, სადაც დადასტურებულია მოდემის მავნებლობის შესახებ.
– ე.ი. მისი გამოსხივება მავნე არაა?
– ზოგადად ყველა რადიოსიგნალი გამოსხივებაა. გამოსხივება ტელევიზორის პულტსაც აქვს, მაგრამ მათი მავნებლობის შესახებ სარწმუნო დამადასტურებელი ინფორმაცია არ არსებობს.
ავთო თავხელიძე, ფიზიკოსი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი: Wi fi-ის გამოსხივება მავნე არ არის. მაგალითისთვის, მობილური ტელეფონი უფრო მავნეა, ვიდრე უკაბელო ინტერნეტის მოდემი. მობილურის გამოსხივების სიხშირე ბევრად მაღალია, ვიდრე-მოდემის.
– რატომ წამოიწია ამ თემამ რომ თითქოს სახიფათოა?
– ვერ გეტყვით. წარმოიდგინეთ, მოდემის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ ბინის ფარგლებში, როცა მობილური სიხშირე ფარავს ქვეყნებს. ანუ მოდემის სიხშირეს რა სიმძლავრე აქვს და მობილურის სიხშირეს , თავად შეადარეთ. მოდემს სიმძლავრე აქვს დაბალი, რაც იმას ნიშნავს, რომ უარყოფითად არ მოქმედებს ცოცხალ არსებებზე.
მანანა ნოდია