ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესის პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. საპროტესტო აქცია თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ორგანიზატორი “მოძრაობა სირცხვილიას” ორგანიზებით იმართება.
აქციის მონაწილეები ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ხელისუფლების პატიმრებს უწოდებენ და მათ გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.
“ხაზს ვუსვამ კონკრეტულ დეტალს, რომ ეს ადამიანები პოლიტიკური პატიმრებიდან გადაინაცვლებენ ახლა პოლიტიკურ მძევლებში, ამითი საზოგადოება არ უნდა გაჩერდეს. ჩვენ ისევ უნდა გავაგრძელოთ პერმამენტული აქციები იმისთვის, რომ ხელისუფლებას მივახვედროთ, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა შედგეს ის იდეა, რასაც ჰქვია თავისუფალი საქართველო”, – თქვა აკაკი ხუსკივაძემ.
აქციის მონაწილეები კარტოგრაფების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებასაც აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ისინი უდანაშაულოები არიან.
ადგილზე იმყოფებიან სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებიც და ბრალდებულების ოჯახის წევრებიც.
დღეს, 28 იანვარს, წინასასამართლოს სხდომის დაწყებამდე ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს, დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულებს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის პატიმრობა გირაოთი შეეცვალოს. პროკურორის განმარტებით, მკაცრი აღკვეთი ღონისძიების გამოყენების საჭიროება აღარ არის.