ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა” ჯაჭვლიანის ინიციატივის წინააღმდეგია

სოსო ჯაჭვლიანი კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში, ოღონდ ამჯერად არასწორად წარმოთქმული და აღქმული სიტყვების გამო არა. საქმე სატრანსპორტო საშუალების გაჩერებისა და დგომასთან დაკავშირებულ მარეგულირებელი წესების დარღვევისთვის გათვალისწინებულ სანქციებს ეხება. ჯაჭვლიანის საკანონმდებლო ცვლილების ინიციატივით გამოდის.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ცნობით, შემოთავაზებულ ვარიანტში მთავარი ცვლილება სიტყვა „მოძრაობის“ ჩანაცვლებაა სიტყვათა შეთანხმება „საავტომობილო მოძრაობით“, რაც გულისხმობს, რომ საჯარიმო სადგომზე გადაყვანის სანქცია აღარ გავრცელდება, მაგალითად, ტროტუარზე გაჩერებულ ავტომობილებზე, რომლებიც ფეხით მოსიარულეთა გადაადგილებას აფერხებენ. კანონპროექტის განმარტებით ბარათში პირდაპირ არის მითითებული, რომ კანონპროექტის მიზანი და ძირითადი არსი ხსენებული მუხლის მოქმედების სფეროდან ფეხით მოსიარულეთა მოძრაობის შეფერხების შემთხვევების გამორიცხვაა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია:

„საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონი პირდაპირ ავალდებულებს მოქალაქეს, გადაადგილდეს გზის მისთვის განკუთვნილ მონაკვეთზე, ტროტუარზე და აწესებს აკრძალვას მოცემულ მონაკვეთზე ავტომობილის გაჩერებისათვის. შემოთავაზებული კანონპროექტის წარმოდგენილი ფორმით მიღების შემთხვევაში, ტროტუარზე მდგომი ავტომობილებისათვის, რომელიც შეიძლება აფერხებდეს მხოლოდ ფეხით მოსიარულეთა მოძრაობას, სანქციის სახით დაწესებული პასუხისმგებლობა – დაცულ ავტოსადგომზე გადაყვანა აღარ იარსებებს. შესაბამისი ორგანოები კი, მხოლოდ საჯარიმო ქვითრის გამოწერით შემოიფარგლებიან.

ვფიქრობთ, არასაკმარისი საშუალებაა და საკმარისად ვერ მოაწესრიგებს აღნიშნულ საკითხს. საქართველოს დედაქალაქში დღესაც ხშირია ავტომობილის ტროტუარზე გაჩერების შემთხვევები, რაც აფერხებს ფეხით მოსიარულეთა გადაადგილებას, ზოგიერთ შემთხვევაში კი სრულიად გაუვალს ხდის ტროტუარს ქვეითებისთვის. ეს პრობლემა განსაკუთრებით მძიმედ აისახება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და იმ ადამიანების მდგომარეობაზე, რომლებიც მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად დადიან ქუჩაში, რადგანაც მათთვის განსაკუთრებით რთულია ტროტუარზე გაჩერებული ავტომობილისთვის გვერდის ავლა. დეპუტატ ჯაჭვლიანის მიერ შემოთავაზებული ცვლილება (რომლის თანახმადაც, საჯარიმო სადგომზე გადაყვანის სანქცია აღარ გავრცელდება ავტომობილებზე, რომლებიც ფეხით მოსიარულეების მოძრაობას აფერხებენ) გულისხმობს ტროტუარზე პარკირების პრობლემასთან ბრძოლის დღეს არსებული ერთადერთი, მეტ-ნაკლებად ეფექტური მექანიზმის გაუქმებას და ამდენად მნიშვნელოვნად დაამძიმებს როგორც ზოგადად ფეხით მოსიარულეების, ისე მცირეწლოვანი ბავშვების მშობლების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მდგომარეობას საქართველოს ქალაქებში.

ამდენად, შემოთავაზებული კანონპროექტი, გარდა იმისა, რომ აუარესებს მდგომარეობას საქართველოს მოქალაქეთა დიდი ნაწილისთვის, ასევე პირდაპირ ეწინააღმდეგება ქალაქების მოწყობის თანამედროვე პრინციპებს. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, არ დაუჭირონ მხარი დეპუტატ ჯაჭვლიანის ინიციატივას”, – ნათქვამია  „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განცხადებაში.

საკამათო საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორის, ჯაჭვლიანის თქმით, დაცულ სადგომზე გადაყვანისას ჯარიმები ძალიან დიდია და ყველა მძღოლს მათი გადახდის საშუალება არ აქვს. თუ მძღოლი საავარიო სიტუაციას ქმნის, ჯაჭვლიანის თქმით, იქ პატრული უნდა ჩაერიოს და არა „სითი პარკი“. ხოლო, ფეხით მოსიარულეების უფლებებს რაც შეეხება, აქ დეპუტატი ფიქრობს, რომ 10-ლარიანი ჯარიმა სავსებით საკმარისია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობას თუ რამე უფრო კარგი ალტერნატიული კანონი აქვს, წარმოადგინონ და დიდი სიამოვნებით, თუ მათი სურვილი იქნება, მე ვიქნები ინიციატორი. – თქვა სოსო ჯაჭვლიანმა „მეტრონომთან“.

“აქამდე სად იყვნენ? როცა ისეთ ადგილას აყენებ მანქანას, სადაც გაჩერება არ შეიძლება, ამისთვის 10-ლარიანი ჯარიმა არსებობს. მაგრამ ვინც საცობს ქმნის და მოძრაობას აფერხებს, ის აუცილებლად უნდა გადაიყვანონ საჯარიმოზე. მესაკუთრის ქონებისადმი უფრო გულისხმიერი დამოკიდებულებაა საჭირო. ამათ /სითი პარკს/ რომ გადაჰყავს ეს მანქანები და მიზეზად მოჰყავს ის, რომ საავარიო სიტუაცია იქმნება და მოძრაობა ფერხდება – საავარიო სიტუაცია თუა, მაშინ პატრულმა უნდა დააჯარიმოს“.

გიორგი სურამელი

 

იტვირთბა....